მომხმარებელი:Saliner/ლონდონის დიდი ხანძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლონდონის დიდი ხანძარი — უდიდესი ხანძარი ინგლისის ისტორიაში, რომელმაც მოიცვა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონის ცენტრალური ნაწილი და მძვინვარებდა 1666 წლის 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე. [1] ხანძარმა მთლიანად გადაწვა შუა საუკუნეებში აშენებული ქალაქის საქმიანი უბანი სიტი, რომელიც მოქცეული იყო რომაელების მიერ აგებულ ლონდონის კედლის შიგნით. მიუხედავად საშიშროებისა, ხანძარი არ გავრცელებულა ქალაქის არისტოკრატიულ ნაწილ უესტმინსტერსა (სადაც მდებარეობდა ჩარლზ II-ის უაიტჰოლის სასახლე) და გარეუბნების ღარიბული დასახლებების დიდ ნაწილზე. [2] მან გაანადგურა 13 200 სახლი, 87 ეკლესია, წმინდა პავლეს კათედრალი და სიტის სამმართველო შენობების უმეტესობა; უსახლკაროდ დარჩა ლონდონის 80 000 მცხოვრები.[3] გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მცირე იყო, რადგან ოფიციალურად ამ ხანძრით დაღუპვის მხოლოდ ექვსი შემთხვევაა ჩანიშნული. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანძრის შემდეგ ღარიბი და საშუალო ფენის ადამიანებით დასახლებული ადგილები არ აღწერილა, სადაც, შეიძლება, ხანძარმა თავისი მსხვერპლი ისე დაწვა, რომ მათი პოვნა შენობის ფერფლში ვეღარ მოხერხდა. ლონდონის მუზეუმში გამოფენილი თიხის იმ დამდნარი ნაჭრის ანალიზით, რომელიც ხანძრის გაჩენის ადგილ პუდინგ-ლეინზე იპოვეს, დადგინდა, რომ აქ ტემპერატურა 1700° C-ს აღწევდა.[4]
ლონდონის დიდი ხანძარი | |
---|---|
„ლონდონის დიდი ხანძარი“ – უცნობი მხატვრის ნამუშევარი. სავარაუდოდ, უნდა აღწერდეს სამშაბათ საღამოს (4 სექტემბერი, 1666 წ.) და დახატული უნდა იყოს ნავიდან ტაუერ-ვარფის მიდამოებში. მარჯვნივ მოჩანს ლონდონის ტაუერი, ხოლო მარცხნივ – ლონდონის ხიდი, მათ უკან, მოშორებით, ცეცხლის ალში გახვეულია ძველი წმინდა პავლეს კათედრალი. | |
მდებარეობა | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
თარიღი | 2 სექტემბერი – 5 სექტემბერი 1666 |
შედეგი | მთლიანად დაიწვა 13 200 სახლი და 87 ეკლესია; უსახლკაროდ დარჩა 80 000–ზე მეტი ადამიანი. |
ხანძარი გაჩნდა ტომას ფარინერის (ან ფარინორი) საცხობში, პუდინგ–ლეინზე, კვირას, 2 სექტემბერს, შუაღამიდან ცოტა ხანში და სწრაფად გავრცელდა სიტის რაიონში დასავლეთით. იმჟამინდელი მთავარი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება და ცეცხლისთვის ხელოვნური ბარიერების მოწყობა, რაც შენობათა ნაწილის დანგრევას გულისხმობდა, უკიდურესად დააყოვნა ლონდონის ლორდ-მაიორმა ტომას ბლუდვორთმა, რომელმაც ვერ გაბედა რადიკალურ ზომების მიღება. ნგრევის ბრძანება მხოლოდ კვირა ღამით გაიცა, როდესაც საცხობში გაჩენილი ცეცხლი ძლიერ ქარს ცეცხლოვან ქარიშხლად გადაექცია და მიღებულმა ზომებმა ვეღარ შეძლეს ხანძრის შეჩერება. ორშაბათს ხანძარი ჩრდილოეთითაც გავრცელდა და მიაღწია ქალაქის გულს. პარარელურად ქალაქში გაჩნდა ჭორი, რომ ხანძარს აჩენდნენ ლონდონში მცხოვრები უცხოელები. უსახლკარო მოსახლეობას გაუჩნდა შიში და ამის გამო მათ ეჭვი მიიტანეს ფრანგებსა და ჰოლანდიელებზე — ინგლისელების იმჟამინდელ მოწინააღმდეგეებზე ინგლის-ჰოლანდიის ომში; იმიგრანტთა ეს ჯგუფები გახდნენ ქუჩაში ძალადობისა და ლინჩის წესით გასამართლების მსხვერპლნი. სამშაბათს ხანძარი გავრცელდა სიტის უმეტეს ნაწილზე, გაანადგურა წმინდა პავლეს კათედრალი, გადალახა მდინარე ფლიტი და დაემუქრა მეფე ჩარლზ II-ის სასახლე უაიტჰოლს. მაგრამ სწორედ ამ დროს მოხერხდა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინირება, რამაც ხელი შეუშალა ცეცხლის ახალ ადგილებზე გადასვლას. ხანძრის მთლიანად ჩაქრობა ძირითადად ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჩადგა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო ლონდონის ტაუერის გარნიზონმა გამოიყენა დენთი, რათა აფეთქებებით შეექმნათ ეფექტური ბარიერები ცეცხლის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.
ხანძრით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ქვეყნისთვის უზარმაზარი იყო. სასწრაფო ევაკუაციას და დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებლების მიცემას ხელს აქტიურად უწყობდა მეფე ჩარლზ II, რომელიც უფრთხოდა საკუთრებადაკარგული ლტოლვილების მასობრივ აჯანყებას. მიუხედავად მრავალი ვარიანტისა, ლონდონის რეკონსტრუქცია ჩატარდა არსებითად იმავე ქალაქგეგმარებითა და ქუჩათა წყობით, რაც ხანძრამდე იყო.[5]