ნიკოლო მაკიაველი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი (იტალ. Niccolò di Bernardo dei Machiavelli; დ. 3 მაისი 1469, ფლორენცია — გ. 21 ივნისი 1527, ფლორენცია) — რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი. გაღარიბებული დიდგვაროვანი ოჯახიდან. ითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამდენიმე მეტოქე ქალაქ-სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური კონფლიქტები. 1498 წელს ფლორენციის რესპუბლიკის „ათთა კოლეგის“ მდივანი. 1512 წელს, მედიჩების ტირანიის აღდგენის შემდეგ, მაკიაველი გადაიყვანეს თანამდებობიდან და გადაასახლეს საშ-კაშინოს მახლობლად მისსავე მამულში, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. მაკიაველის უმნიშვნელოვანესი თხზულებებია: „მსჯელობა ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის გამო“, „მთავარი“, „ფლორენციის ისტორია“. 1559 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მაკიაველის თხზულებები „აკრძალული წიგნების სიაში“ შეიყვანა.