ოსმალეთის იმპერიის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსმალეთის იმპერიის ისტორია (თურქ. Osmanlı İmparatorluğu tarihi, არაბ. تاريخ الدولة العثمانية) — იმპერიის ისტორია, რომელიც არსებობდა 1299-1923 წლებში. დაარსდა შუააზიური წარმოშობის მქონე თურქული ტომების მიერ, ოსმან I გაზის მეთაურობით. სახელმწიფოს მეთაურები დაარსების პირველი წლებიდან აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკას ეწეოდნენ და დიდ წარმატებასაც აღწევდნენ.
1453 წლამდე ოსმალეთის იმპერია მოიხსენიებოდა, როგორც ოსმალეთის სასულთნო. სულთან მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდგომ, ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა. ამ გამარჯვებამ ოსმალებს გზა გაუხსნა შეჭრილიყვნენ ცენტრალურ ევროპაში. ბიზანტიის ტერიტორიების დაკავების შემდეგ, ოსმალეთი ქრისტიანული სამყაროს უდიდეს საფრთხედ მიიჩნეოდა რამდენიმე საუკუნის მანძილზე.
ოსმალეთის იმპერიის წარმატებებს არსებობის საწყის ეტაპზე ხელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უწყობდა. უპირველეს ყოვლისა, მთავარი კონკურენტის, ბიზანტიის იმპერიის დასუსტება და ამასთან ერთად, სულთნების აქტიური და ენერგიული მოქმედება. ოსმალები კარგად ფლობდნენ იმდროინდელ საბრძოლო ხერხებს, გამოირჩეოდნენ სიმამაცით, რასაც რელიგიური ფანატიზმიც ერთვოდა. XIV საუკუნის ბოლოდან მათ ზარბაზნების გამოყენებაც დაიწყეს. დიდებულები მომთაბარე ცხოვრებიდან ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ, თუმცა უბრალო მოსახლეობა კვლავ მომთაბარედ რჩებოდა. ოსმალები ბავშვობიდანვე მეომრებად იზრდებოდნენ. სწავლობდნენ ცხენზე ჯდომასა და იარაღის ხმარებას. სულთნის დასაყრდენი ჯარი — იანიჩართა კორპუსი კი იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯარი იყო.[1]
XVI საუკუნეში, სულეიმან I კანუნის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის პორტამ მიაღწია განვითარებს უმაღლეს მწვერვალს. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში წარმოიქმნა სრულიად ცენტრალური ევროპის დაპყრობის საფრთხე. მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის იმპერია მოიცავდა ანატოლიას, ჩრდილოეთ აფრიკის მნიშვნელოვან ნაწილს, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს. სულეიმანის გარდაცვალების შემდეგ, იმპერია განაგრძობდა ექსპანსიას, თუმცა ეს, უფრო მეტად, ინერციით ხდებოდა. გაფართოება ამ პერიოდში იმდენად აღარ შეინიშნება. სულთნების პასიურ ქმედებას თან დაერთო ქალთა სულთანატი, რომელიც სასახლის კარსა და მთლიანად იმპერიაში კონფლიქტების აბსოლუტური უმრავლოსების ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამ ყველაფრით ისარგებლეს ევროპის მოწინავე სახელმწიფოებმა. 1683 წელს, ვენის ალყის უშედეგოდ დასრულება ოსმალებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო მათი განდევნა ევროპიდან, რაც რამდენიმე საუკუნის მანძილზე გაგრძელდა. პირველ მსოფლიო ომში მარცხის შედეგად კი, ოსმალეთის იმპერია საბოლოოდ დაიშალა.[2]