პროგრამა შატლი – მირი
From Wikipedia, the free encyclopedia
პროგრამა შატლი – მირი – აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ერთობლივი პროგრამა, რომლის ამოცანას ორბიტაზე რუსი კოსმონავტების კოსმოსური შატლის მეშვეობით გაყვანა, ხოლო ამერიკელი ასტრონავტებისთვის მირის კოსმოსურ სადგურზე ექსპედიციების განხორციელება წარმოადგენდა. [1]
პროგრამის დანიშნულებას ამერიკული მხარისათვის რუსული, ხანგრძლივი კოსმოსური ფრენების შედეგად დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის განმტკიცება წარმოადგენდა. შატლი - მირის ერთობლივმა პროგრამამ სათავე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობას დაუდო.
ერთობლივი პროგრამის დაწყების შესახებ მხარეებმა 1993 წელს განაცხადეს. პირველი ფრენა 1994 წლის თებერვალში შედგა, ხოლო მთლიანმა პროგრამამ 1998 წლამდე გასტანა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 11 გაშვება, ხოლო ამერიკელმა ასტრონავტებმა კოსმოსში ჯამში 1000 დღე გაატარეს. პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს დაფინანსების წყალობით, მირის სადგურზე დამატებით 2 მოდულის მიერთებაც მოხერხდა. მართალია, ორივე მოდული რუსულ სახელწოდებას ატარებდა, მაგრამ დე-ფაქტო ამერიკულ მოდულებს წარმოადგენდა.
შატლი - მირის პროგრამა პირველი იყო ბევრ ასპექტში. ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში ამერიკელმა ასტრონავტმა პირველად იმგზავრა რუსული აპარატითა და პირველად გავიდა ღია კოსმოსში რუსული სკაფანდრით.
მიუხედავად ბევრი ეჭვისა და კრიტიკისა, პროგრამა წარმატებულად შეფასდა, ხოლო მისმა შედეგმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობას გაუხსნა გზა.