საქართველოს სახელმწიფო საზღვარი
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი — სახმელეთო საზღვრის 1839 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისაგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და ამ კანონის შესაბამისად.
სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საზღვრის სახმელეთომო ნაკვეთების დაცვას, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვასა და კონტროლს. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
- საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველო;
- სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველო (ბათუმი);
- სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველო (ახალციხე);
- სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველო (წითელიხიდი);
- სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველო (დედოფლისწყარო);
- სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველო (ლაგოდეხი);
- სასაზღვრო პოლიციის N6 სამმართველო (ბარისახო);
- სასაზღვრო პოლიციის N7 სამმართველო (ყაზბეგი);
- სასაზღვრო პოლიციის N8 სამმართველო (ჯავა-ონი);
- სასაზღვრო პოლიციის N9 სამმართველო (მესტია);
- სასაზღვრო პოლიციის N10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი).