ტიტუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიტუსი (ლათ. Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus;[კომ. 1] დ. 30 დეკემბერი, 39 — გ. 13 სექტემბერი, 81) — რომის იმპერატორი 79-81 წლებში. ფლავიუსების დინასტიის წარმომადგენელი. ტახტზე ავიდა მამამისის, ვესპასიანეს გარდაცვალების შემდეგ, რითაც გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომლის უშუალო წინამორბედიც საკუთარი ბიოლოგიური მამა იყო.
ტიტუს ფლავიუს კეისარი ვესპასიანუს ავგუსტუსი | |
---|---|
Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus | |
ტიტუსის ბიუსტი რომის კაპიტოლიუმის მუზეუმიდან | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 ივნისი, 79 |
მმართ. დასასრული: | 13 სექტემბერი, 81 |
წინამორბედი: | ვესპასიანე |
მემკვიდრე: | დომიციანე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 30 დეკემბერი, 39 |
დაბ. ადგილი: | რომი |
გარდ. თარიღი: | 13 სექტემბერი, 81 (41 წლის) |
გარდ. ადგილი: | რომი |
მეუღლე: | არეცინა ტერტულა |
შვილები: | იულია ფლავია |
დინასტია: | ფლავიუსები |
მამა: | ვესპასიანე |
დედა: | დომიცილა |
რომის საიმპერატორო დინასტიები | |||
ფლავიუსების დინასტია | |||
ქრონოლოგია | |||
ვესპასიანე | 69-79 წწ. | ||
ტიტუსი | 79-81 წწ. | ||
დომიციანე | 81-96 წწ. | ||
მემკვიდრეობა | |||
წინამორბედი ოთხი იმპერატორის წელი |
მემკვიდრე ანტონინუსების დინასტია |
ტიტუსს, რომელიც თავიდანვე მოიაზრებოდა იმპერატორობის კანდიდატად, დიდება სამხედრო კარიერამ მოუტანა. იგი მამასთან ერთად მსახურობდა იუდეაში იუდეველთა ომის დროს. 68 წელს იმპერატორ ნერონის სიკვდილის გამო კამპანია დროებით შეჩერდა. ვესპასიანემ ოთხი იმპერატორის წელს ტახტისათვის დაიწყო ბრძოლა. როდესაც ეს უკანასკნელი 69 წლის 1 ივლისს იმპერატორად გამოაცხადეს, ებრაელთა ამბოხების ჩახშობის მეთაურობა ტიტუსს დაევალა. მანაც 70 წელს ალყის შემდეგ აიღო იერუსალიმი და გაანადგურა ქალაქი და მეორე ტაძარი. ამ მიღწევისათვის იგი ტრიუმფით დაჯილდოვდა. ტიტუსის თაღი სწორედ ამ გამარჯვების საზეიმოდაა აგებული.
ვესპასიანეს მმართველობისას ტიტუსმა სახელი გაიფუჭა, როდესაც პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტად მსახურობდა და სადავო ურთიერთობა ჰქონდა ებრაელ დედოფალ ბერენიკასთან. მიუხედავად მის პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხებისა, ტიტუსი 79 წელს მამამისის გარდაცვალებიდან წარმატებით მართავდა იმპერიას და სვეტონიუსისა და სხვა თანადროული ისტორიკოსებისაგან, როგორც იმპერატორმა, დადებითი შეფასება დაიმსახურა.
როგორც იმპერატორი, იგი ყველაზე მეტად ცნობილია კოლოსეუმის მშენებლობის დასრულებისა და ორი კატასტროფის (ვეზუვის 79 წლის ამოფრქვევა და რომის ხანძარი 80 წელს) მიერ გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისათვის მისი ხელგაშლილობის გამო. ორწლიანი მმართველობის შემდეგ, 81 წლის 13 სექტემბერს ტიტუსი ციებ-ცხელებით გარდაიცვალა. სენატმა იგი ღვთაებათა პანთეონში შეიყვანა. საიმპერატორო ტახტზე ტიტუსი უმცროსმა ძმამ, დომიციანემ შეცვალა.