ფილიპე IV
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპე IV (ესპ. Felipe IV; დ. 8 აპრილი, 1605, ვალიადოლიდი, ესპანეთი — გ. 17 სექტემბერი, 1665, მადრიდი, ესპანეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე და მისი კოლონიების მონარქი 1621-1665 წლებში. პორტუგალიისა და ალგარვის მეფე 1621-1640 წლებში ფილიპე III-ის (პორტ. Filipe III) სახელით. მეფე ფილიპე III-ისა და დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის უფროსი ვაჟი. მის დროს ესპანეთი მონაწილეობდა ოცდაათწლიან ომში, დაკარგა არტუა, 1660 წელს კი თავის ქალიშვილ მარია ტერეზას მზითვში გაატანა რუსილონიც. 1640 წელს დაკარგა პორტუგალია, მისი მმართველობისას ადგილი ჰქონდა სეგადორების აჯანყებასა და მონარქიის კრიზისს. ამასთან ერთად, იგი მფარველობდა მრავალ გამოჩენილ ხელოვანს, მათ შორის დიეგო ველასკესს.
მისი გარდაცვალებისას ესპანეთის იმპერიის ფართობი 12.2 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო და კოლონიები ჰქონდა თითქმის ყველა კონტინენტზე. მისმა წარმატებულმა საშინაო პოლიტიკამ და სამხედრო რეფორმებმა ესპანეთი დროებით კვლავ გააძლიერა, თუმცა მისი მენტალურად და ფიზიკურად დაავადებული ძის, კარლოს II-ის მმართველობისას ესპანეთის იმპერიამ დაცემა დაიწყო.
1700 წელს, მისი ძის უშვილოდ დაღუპვის გამო ფილიპეს ორი ქალიშვილის ქმრებსა და მათ შვილებს შორის დაიწყო დიდი ომი, ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, რომელიც მხოლოდ 1714 წელს დასრულდა ტახტზე ბურბონების ასვლითა და ესპანეთის ყველა ევროპული კოლონიის დაკარგვით.