საბაზრო ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
საბაზრო ეკონომიკა — ეკონომიკური სისტემა, რომელშიც ინვესტიციებთან, წარმოებასთან და დისტრიბუციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან წამოსულ საფასო სიგნალებზე დაყრდნობით მიიღება. საბაზრო ეკონომიკის მთავარი მახასიათებელი არის რესურსების ბაზრის არსებობა, რომელიც საწარმოო რესურსებისა და კაპიტალის გადანაწილებაში მთავარ როლს თამაშობს.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საბაზრო ეკონომიკა შეიძლება იყოს როგორც მინიმალურად რეგულირებული თავისუფალი ბაზარი და „laissez-faire“ სისტემა, ასევე საბაზრო სოციალიზმი. პირველ შემთხვევაში სახელმწიფო აქტივობა შემოიფარგლება მხოლოდ საზოგადოებრივი საქონელისა და სერვისების მიწოდებითა და კერძო საკუთრების დაცვით, ხოლო საბაზრო სოციალიზმის დროს სახელმწიფო მკვეთრი ინტერვენციების საშუალებით აქტიურ როლს თამაშობს საბაზრო ჩავარდნების კორექციაში, სოციალური კეთილდღეობის სტიმულირებასა და საწარმოს ფლობაში თანამშრომლების მონაწილეობის მხრივ.
სახელმწიფოს მიერ მართულ ან დირიჟისტულ ეკონომიკებში სახელმწიფოები სამრეწველო პოლიტიკისა და მითითებითი დაგეგმარების მეშვეობით თამაშობენ მთავარ წარმმართველ როლს ბაზრის საერთო განვითარებაში. სახელმწიფო ინტერვენციის ეს ფორმები მართალია იძლევა ეკონომიკისთვის მიმართულების მიცემის საშუალებას, თუმცა არ ანაცვლებს ეკონომიკურ დაგეგმარებას. ასეთი ტიპის ეკონომიკას არა გეგმიური, არამედ შერეული ეკონომიკა ეწოდება.
საბაზრო ეკონომიკისაგან რადიკალურად განსხვავებული სისტემაა გეგმიური ეკონომიკა, სადაც წარმებასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საერთო ეკონომიკური გეგმის მიხედვით ფორმირდება. ცენტრალურად დაგეგმილ ეკონომიკებში ეკონომიკური დაგეგმარება არის რესურსების განაწილების მთავარი მექანიზმი არა ბაზრებს, არამედ ფირმებს შორის. ამ სისტემაში საწარმოო საშუალებებს ერთი მაორგანიზებელი სტრუქტურა ფლობს და განაგებს.