არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე
ფრანგი სასულიერო პირი და სახელმწიფო მოღვაწე. / From Wikipedia, the free encyclopedia
არმან ჟან დიუ პლესი (ფრანგ. Armand-Jean du Plessis), ჰერცოგი რიშელიე (ფრანგ. duc de Richelieu); დ. 9 სექტემბერი, 1585, პარიზი — გ. 4 დეკემბერი, 1642, იქვე), ფართოდ ცნობილი როგორც კარდინალი რიშელიე (ფრანგ. Cardinal de Richelieu[12][13][14]) — ფრანგი სასულიერო პირი და სახელმწიფო მოღვაწე.
არმან ჟან დიუ პლესი, ჰერცოგი დე რიშელიე | |
---|---|
ფრანგ. Armand Jean du Plessis de Richelieu ფრანგ. Armand-Jean du Plessis de Richelieu | |
დაბადების თარიღი | 9 სექტემბერი, 1585(1585-09-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | პარიზი |
გარდაცვალების თარიღი | 4 დეკემბერი, 1642(1642-12-04)[1] [9] [2] [3] [4] [5] [6] [10] [11] [7] (57 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი |
მოქალაქეობა | საფრანგეთის სამეფო |
განათლება | პარიზის უნივერსიტეტი და College of Sorbonne |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
მამა | ფრანსუა დიუ პლესი დე რიშელიე |
დედა | სიუზანა დე ლა პორტი[11] |
მეუღლე/ები | |
ჯილდოები | სულიწმინდის ორდენის კომანდორი და სენმიშელის ორდენის რაინდი |
რიშელიემ მიიღო რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის სასულიერო წოდება 1607 წელს, ხოლო საფრანგეთის საგარეო მდივნად 1616 წელს დაინიშნა. რიშელიეს გავლენა მალევე გაიზარდა როგორც კათოლიკური ეკლესიის შიგნით, ასევე საფრანგეთში - 1622 წელს ის გახდა კარდინალი, ხოლო ლუი XIII „სამართლიანმა“ იგი 1624 წელს საფრანგეთის მთავარ მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობას რიშელიე ინარჩუნებდა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მის შემდეგ იგი დაიკავა კარდინალმა მაზარინიმ, რომლის კარიერაში რიშელიემ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
კარდინალ რიშელიეს თანამედროვეები ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც მეფის „პირველ“ ან „მთავარ“ მინისტრს. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანი სამეფო ძალაუფლების კონსოლიდაცია და საფრანგეთის შიგნით არსებული სხვადასხვა ფრაქციების შესუსტება იყო. არისტოკრატიის უფლებების შეზღუდვის შედეგად რიშელიემ გადააქცია საფრანგეთი ძლიერ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ. მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა იყო ევროპაში ავსტრიელი და ესპანელი ჰაბსბურგების ძალაუფლების დაბალანსება და ოცდაათწლიანი ომში საფრანგეთის დომინისრების უზრუნველყოფა. რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალის წოდების მიუხედავად, რიშელიე არ ერიდებოდა ალიანსების შექმნას პროტესტანტ მმართველებთან საკუთარი მიზნების მისაღწევად. მიუხედავად უზარმაზარი პოლიტიკური ძალაუფლებისა, რიშელიე იყო დამოკიდებული მეფის მხარდაჭერაზეც - რაზეც მეტყველებს „გასულელებულთა დღის“ (ფრანგ. Jour des Dupes) მოვლენები.
რიშელიე ასევე უთმობდა ბევრ დროს საფრანგეთში განათლების გაუმჯობესებას - პარიზის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სორბონას კოლეჯის დირექტორი, მას მიუძღვის გადამწყვეტი წვლილი ამ უნივერსიტეტის განახლებასა და მისი მნიშვნელობის გაზრდაში და იყო საფრანგეთის აკადემიის დამფუძნებელი. რიშელიე ასევე ცნობილია საკუთარი ზედმეტსახელით - წითელი უწმინდესობა (ფრანგ. l'Éminence rouge), რაც კარდინალის სამოსის წითელი ფერისა და კარდინალისადმი ტრადიციული მიმართვიდან მომდინარეობდა. რიშელიემ ითამაშა გადამწყვეტი როლი სამიუელ შამპლენისა და დევიდ კერკის დაპირისპირებაში, რომელიც მან დაასრულა სენ ჟერმენ ენ ლეს 1632 წლის ხელშეკრულებით, რომლის შედეგადაც მან დაუბრუნა საფრანგეთს კვებეკი, რომელიც დღემდე რჩება ჩრდილოეთ ამერიკის ფრანკოფონული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრად.
რიშელიე არის არაერთი მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ალექსანდრ დიუმას 1844 წლის სამი მუშკეტერი და მისი უამრავი ადაპტაცია.