ბენჯამინ დიზრაელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბენჯამინ დიზრაელი, ბექენსფილდის I გრაფი KG, PC, MP, FRS (ინგლ. Benjamin Disraeli, 1st Earl of Beaconsfield; დ. 21 დეკემბერი, 1804, — გ. 19 აპრილი, 1881) — ბრიტანელი პოლიტიკოსი, ბრიტანეთის ორგზის პრემიერ-მინისტრი. კონსერვატიული პარტიის წევრი, რომელსაც მთავარი წვლილი მიუძღვის ბრიტანეთის თანამედროვე კონსერვატიული პარტიის ჩამოყალიბებაში, განსაზღვრა მისი პოლიტიკა და მოქმედების ფართო მასშტაბები. დიდი ბრიტანეთის მე-40 პრემიერ-მინისტრი 1868 წელს, ასევე 42-ე პრემიერი 1874—1880 წლებში. დიზრაელის სახელი უკავშირდება მსოფლიო საკითხებში ბრიტანეთის განსაკუთრებული გავლენის შექმნა, პოლიტიკური დაპირისპირებები ლიბერალური პარტიის ლიდერთან უილიამ ევარტ გლადსტონთან და ერთიანი ერის კონსერვატიზმის, ან ტორის დემოკრატიის იდეას. მისი დამსახურებით ბრიტანეთის იმპერიის ძლიერებასა და დიდების უზრუნველყოფას ყველაზე მეტად კონსერვატიული პარტიის სახელი უკავშირდება. ის ებრაული წარმომავლობის ბრიტანეთის ერთადერთი პრემიერ-მინისტრია. იგი ასევე იყო ნოველისტი და პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროსაც კი აქვეყნებდა თავის ნაწარმოებებს.
ბენჯამინ დიზრაელი | |
---|---|
ინგლ. Benjamin Disraeli | |
დაბადების თარიღი | 21 დეკემბერი, 1804(1804-12-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბადების ადგილი | ლონდონი[14] |
გარდაცვალების თარიღი | 19 აპრილი, 1881(1881-04-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Curzon Street, ლონდონი, ბრიტანეთის იმპერია[15] |
დასაფლავებულია | St Michael and All Angels Churchyard |
საქმიანობა | პოლიტიკოსი[15] , რომანისტი[15] , მწერალი[16] , ბიოგრაფი[15] და ფინანსთა მინისტრი[17] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | St Piran's School |
Magnum opus | Letters: 1852-1856 |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი და ლეკვერთხის ორდენი |
მეუღლე | Mary Anne Disraeli[15] [18] |
ნათესავ(ებ)ი | Benjamin D'Israeli |
ხელმოწერა | |
დიზრაელი დაიბადა ბლუმბსბერიში, მაშინდელი მიდლსექსის ნაწილი. მამამისმა სინაგოგაში კამათის შემდეგ იუდაიზმზე უარი თქვა. ბენჯამინი კი 12 წლის ასაკში ანგლიკანი გახდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დიზრაელი გახდა თემთა პალატის წევრი 1837 წელს. 1846 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სერ რობერტ პილმა პარტია ორ ნაწილად გახლიჩა მისი ინიციატივის გამო, გაუქმებულიყო სიმინდის კანონები, რაც იმპორტირებულ მარცვლეულზე ტარიფის მოხსნას გულისხმობდა. დიზრაელი დაუპირისპირდა პილს და გახდა მთავარი ფიგურა პარტიაში. ლორდ დერბის მმართველობის პერიოდში, 1850-60-იან წლებში, დიზრაელი იყო ხაზინის კანცლერი და თემთა პალატის ლიდერი.
1868 წელს, დერბის პენსიაზე გასვლის შემდეგ, დიზრაელი პრემიერ-მინისტრი გახდა მანამ, სანამ წააგებდა საყოველთაო არჩევნებს. იგი დაბრუნდა ოპოზიციაში და იქ აგრძელებდა საქმიანობას, სანამ 1874 წელს პარტიამ არჩევნებში არ გაიმარჯვა, რაშიც დიზრაელის წვლილი გადამწყვეტი იყო. იგი ახლო მეგობრობას ინარჩუნებდა დედოფალ ვიქტორიასთან, რომელმაც 1876 წელს მას ბექენსფილდის გრაფის ტიტული უბოძა. დიზრაელის მეორე ვადის მმართველობა აღმოსავლეთის საკითხის დომინირებით ხასიათდება - ოსმალთა იმპერიის ნელ-ნელა დაშლით და სხვა ევროპული ძალების, მაგალითად რუსეთის, სურვილით, დაეკავებინა მისი ადგილი. დიზრაელიმ შეძლო, ბრიტანეთი დაეინტერესებინა სუეცის არხით და შეეძინა აქციები სუეცის არხის კომპანიაში. 1878 წელს, რუსეთის მხრიდან ოსმალეთზე მოპოვებული გამარჯვებების ფონზე, იგი მუშაობდა ბერლინის კონგრესზე ბალკანეთში მშვიდობის მისაღწევად ბრიტანეთის სასარგებლოდ და მარადიული მტრის, რუსეთის, საზიანოდ. რუსეთზე დიპლომატიურმა გამარჯვებამ დიზრაელი ევროპის ლიდერ სახელმწიფო მოღვაწედ აქცია.
მსოფლიოში მოვლენები კონსერვატორთა წინააღმდეგ განვითარდა. სადავო ომებმა ავღანეთსა და სამხრეთ აფრიკაში შეარყია დიზრაელის საზოგადოებრივი მხარდაჭერა. მან ფერმერებიც გააბრაზა მაშინ, როდესაც უარი თქვა სიმინდის კანონების აღდგენაზე ცუდი მოსავლისა და იაფი იმპორტირებული მარცვლეულის საპასუხოდ. 1880 წლის საყოველთაო არჩევნებში ლიბერალებმა, უილიამ გლადსტონის ხელმძღვანელობით, დაამარცხეს დიზრაელის კონსერვატორები. სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში დიზრაელი ოპოზიციაში გადასულ კონსერვატორებს ხელმძღვანელობდა.
საკუთარი კარიერის განმავლობაში მუდმივად წერდა მხატვრულ ნაწარმოებებს. წერა 1826 წელს დაიწყო, უკანასკნელი რომანი, სახელწოდებით ენდიმიონი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 76 წლის ასაკში გამოაქვეყნა.