დასავლეთ სომხეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
დასავლეთ სომხეთი (სომხ. Արեւմտեան Հայաստան) ― ტერმინი, რომელიც აღნიშნავს თურქეთის აღმოსავლეთ ტერიტორიებს (ყოფილი ოსმალეთის იმპერია), რომლებიც სომხების ისტორიული სამშობლოს ნაწილია[1]. დასავლეთ სომხეთი, ასევე მოიხსენიება, როგორც ბიზანტიური სომხეთი, რამეთუ იგი წარმოიშვა დიდი სომხეთის დაყოფის შემდეგ ბიზანტიის იმპერიასა (დასავლეთ სომხეთი) და სასანიანთა სპარსეთს (აღმოსავლეთ სომხეთი) შორის 387 წელს.
ეს ტერიტორია ოსმალებმა მხოლოდ XVI საუკუნეში, ოსმალეთ-სპარსეთის ომის დროს (1532-1555) დაიპყრეს. ოსმალეთის მმართველობა მოცემულ რეგიონში გადამწყვეტი გახდა ოსმალეთ-სეფიანთა ომის შემდეგი, 1623-1639 წლების ომის დაწყებისათვის[2]. ამის შემდეგ ტერიტორია ცნობილი გახდა როგორც თურქული სომხეთი[3], ან ოსმალეთის სომხეთი[4]. XIX საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიამ დაიპყრო ირანის კუთვნილი მთელი აღმოსავლეთ სომხეთი[5], და აგრეთვე თურქულისომხეთის ზოგიერთი პროვინცია, როგორიცაა ყარსი. რეგიონის სომხური მოსახლეობა განსაკუთრებით დაზარალდა 1890-იან წლებში მომხდარი სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის დროს.
თავიანთი წინაპრების მიწაზე მცხოვრები სომხები 1915 წლის სომხების გენოციდის დროს მთლიანად გაანადგურეს ან გადაასახლეს ოსმალებმა. ოსმალთა მიერ სომხური კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური განადგურება, რომელიც გაგრძელდა 400 წელზე მეტხანს[6][7], განიხილება როგორც კულტურული გენოციდის მაგალითი[8][9].
ასიმილირებული და კრიპტოსომხები დღესაც ცხოვრობენ ამ მხარეში და ზოგიერთი ირედენისტი სომეხი მას მიიჩნევს, როგორც გაერთიანებული სომხეთის ნაწილს. ამგვარი შეხედულებების მქონე ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს სომხეთის რევოლუციური ფედერაცია.