ეპიკურეიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეპიკურეიზმი — ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ჩამოყალიბდა ეპიკურეს მიერ დააარსებულ სკოლაში, (307 წ. ათენში).
ეპიკურე (341-271) დაიბადა ქალაქ სამოსში. 14 წლისა გაეცნო ფილოსოფიას, შეისწავლა დემოკრიტეს მოძღვრება, ხოლო 18 წლისა ათენში პერიპატეტელებს უსმენდა, მოგვიანებით დაარსდა სკოლა, რომლის შესასვლელთან ეწერა – „მგზავრო, აქ თავს კარგად იგრძნობ. აქ სიამოვნებაა უმაღლესი სათნოება“. ეპიკურეს მრავალი შრომა დაუწერია (300-მდე), აქედან უმთავრესი მნიშვნელობისაა „ბუნების შესახებ“ (37 წიგნად), რომლის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ეპიკურეს მოძღვრების გასაგებად დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე მის წერილებს. ეპიკურეს კლასიფიკაციის მიხედვით ფილოსოფია სამ დარგად იყოფა: კანონიერად (ლოგიკა და შემეცნების თეორია), ფიზიკად და ეთიკად. ამათგან უპირველესი მნიშვნელობისაა ეთიკა, ხოლო კანონიკა და ფიზიკა მას ემსახურებიან. ფილოსოფიის მიზანი ადამიანის ბედნიერების გზის გარკვევაა. ვიდრე ადამიანი ღმერთების რწმენითაა შეზღუდული, იგი არ შეიძლება თავისუფალ და ბედნიერი იყოს. თავისუფლება ბედნიერების პირობაა, ეს კი მიიღწევა შემეცნებით, რადგან მხოლოდ შემეცნებით თავისუფლდება ადამიანი სიკვდილის შიშისა და ღმერთის რწმენისაგან.