ესპანეთის სამოქალაქო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანეთის სამოქალაქო ომი — მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც ესპანეთში მიმდინარეობდა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე. კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ. ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია (Confederación Española de Derechas Autónomas, ან C.E.D.A), კარლისტები, და ფაშისტური ფალანგა (Falange Española de las J.O.N.S.).[5] ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის დამხობით, და დიქტატურის დამყარებით, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით. სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმის მმართველ პარტიაში გაითქვიფა.[6]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ესპანეთის სამოქალაქო ომი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ესპანეთის სამოქალაქო ომი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ესპანეთის სამოქალაქო ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
საათის ისრის მიმართულებოთ ზემო მარცხენა კუთხუდან: XI საერთაშორისო ბრიგადის წევრები ბელჩიტეს ბრძოლისას; გრანოლერები ნაციონალისტების ავიაციის მიერ დაბომბვის შემდეგ, 1938 წელი; ასაფრენი ბილიკის დაბომბვა ესპანეთის პროტექტორატ მაროკოში; რესპუბლიკელი ჯარისკაცები ალკაზარის ალყისას; ნაციონალისტი სამხედროები მართავენ საზენიტო დანადგარს; ლინკოლნის ბატალიონი. | |||||
თარიღი | 17 ივლისი, 1936 — 1 აპრილი, 1939 | ||||
მდებარეობა | ესპანეთი, მაროკო, ესპანეთის საჰარა, კანარის კუნძულები, ბალეარის კუნძულები, გვინეა. | ||||
შედეგი | ნაციონალისტების გამარჯვება; ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დაცემა. | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ესპანეთის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში |
რესპუბლიკელებს (republicanos) მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა, ხოლო აჯანყებულთა მიმდევრებს, ნაციონალისტებს (nacionales), მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან, ასევე ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად ნეიტრალური იყო, ძირითადი ამერიკული კორპორაციები, როგორიცაა ტექსაკო, ჯენერალ მოტორსი, ფორდ მოტორსი და ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო მანქანების, საბურავების, სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.
ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებში და განიხილებოდა, როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ ფლაგმანებს შორის. კონკრეტულად, ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების საჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით, რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა „პირველი მედია ომი“, ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმული მწერლები და ჟურნალისტები.[7] უცხოელ კორესპონდენტთა შორის, რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ, იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, მართა გელჰორნი და რობერტ კაპა.
მრავალ სამოქალაქო ომთა მსგავსად, ეს ომიც გამოირჩეოდა ნაციონალისტური სულისკვეთებითა და პოლიტიკური პათოსით, ისევე როგორც სამხედრო დანაშაულებების სიმრავლით კონფლიქტის ორივე მხარეს. ესპანეთის სამოქალაქო ომმა მრავალი ოჯახის წევრი, მეზობელი და მეგობარი დაუპირისპირა ერთმანეთს. მებრძოლთა გარდა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის მრავალი სამოქალაქო პირიც იქნა მოკლული, ხოლო 1939 წელს ომის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკელებს დიდი ხნის განმავლობაში დევნიდნენ და ასამართლებდნენ გამარჯვებული ნაციონალისტები.