თავადაზნაურობა
From Wikipedia, the free encyclopedia
თავადაზნაურობა — ფეოდალურ საზოგადოებაში იურიდიულად გაფორმებული საერო მიწათმფლობელთა პრივილეგირებული (პრივილეგიები მემკვიდრეობით გადაეცემოდა) წოდება, რომელიც სასულიერო წოდებასთან ერთად ქმნიდა გაბატონებულ კლასს. თავადაზნაურობის ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერების უშუალო წყარო მიწაზე ფეოდალური საკუთრება იყო. თავადაზნაურობა უპირისპირდებოდა ძირითად ექსპლუატირებულ კლასს — გლეხობას, რომლის შრომის პროდუქტის დიდ ნაწილს იგი ითვისებდა ფეოდალური რენტის სახით. სხვა წოდებებისაგან თავადაზნაურობა გამოირჩეოდა თავისი მდგომარეობით, პრივილეგიებით, აღზრდით, ყოფა-ცხოვრებით, თავადაზნაურული საგანგებო მორალური კოდექსით, რომლის თანახმად თავადაზნაურობა აღიარებული იყო როგორც „დაბალი“ წოდებების ყველა წარმომადგენლის ბატონი და მბრძანებელი. თავადაზნაურობა ჩაცმითა და ვარცხნილობითაც კი განსხვავდებოდა.