იასირ არაფატი
From Wikipedia, the free encyclopedia
მუჰამად აბდირ-რაუფ არაფატ ალ-ყუდვა ალ-ჰუსაინი (არაბ.: محمد عبد الرؤوف عرفات القدوة الحسيني) საყოველთაოდ ცნობილი როგორც იასირ არაფატი (არაბ.: ياسر عرفات) (დ. 4 აგვისტო, 1929 — გ. 11 ნოემბერი, 2004) — პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარე (1969–2004) და პალესტინის ეროვნული მთავრობის (ავტონომიის) პრეზიდენტი (1993–2004). 1994 წელს დაჯილდოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით, რომელიც შიმონ პერესსა და იცხაკ რაბინთან გაიყო, 1993 წელს ოსლოს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებისთვის. გარდაიცვალა 75 წლის ასაკში პარიზის ახლოს მდებარე კლამარის სამხედრო ჰოსპიტალში.
იგი XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი რადიკალი პოლიტიკოსია. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უკიდურესად წინააღმდეგობრივ შეფასებებს იმსახურებს, მაშინ როდესაც ზოგიერთი ანალიტიკოსი მას ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გმირად ასახელებს, სხვებისათვის ის ყველაზე ცუდი მტერი, მკვლელი და ტერორისტია, რადგან იგი ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებდა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მისი ხელმძღვანელობით პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია გაეროში დამკვირვებლად მიიღეს და სხვადასხვა ქვეყნებში მას ხვდებოდნენ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს.