მარგარიტა დე ვალუა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგარიტა დე ვალუა (ფრანგ. Marguerite de Valois, ბასკ. Margarita Valoiskoa; აგრეთვე ცნობილი როგორც დედოფალი მარგო დ. 14 მაისი, 1553 — გ. 27 მარტი, 1615) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის, შემდგომში კი საფრანგეთის დედოფალიც.
მარგარიტა დე ვალუა | |
---|---|
Marguerite de Valois | |
ნავარის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 აგვისტო 1572 |
მმართ. დასასრული: | 17 დეკემბერი 1599 |
წინამორბედი: | მარგარიტა ანჟულიმელი |
მემკვიდრე: | მარია მედიჩი |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 აგვისტო 1589 |
მმართ. დასასრული: | 17 დეკემბერი 1599 |
წინამორბედი: | ლუიზა დე ლორენ-ვედემონი |
მემკვიდრე: | მარია მედიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 მაისი 1553 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 27 მარტი 1615 (61 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ანრი IV ბურბონი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ანრი II ვალუა |
დედა: | ეკატერინე მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მეშვიდე შვილი. საფრანგეთის სამი მეფის: ფრანსუა II-ის, შარლ IX-ისა და ანრი III-ის უმცროსი და. 1572 წელს მიათხოვეს ნავარის მეფე ანრი III-ს. ქორწინებიდან რამდენიმე დღეში მარგარიტას დედამ რელიგიური კონფლიქტების ჩახშობის მიზნით მოაწყო ე.წ. წმინდა ბართლომეს ღამე, რასაც ათასობით ჰუგენოტის სიცოცხლე შეეწირა, მარგარიტა და მისი ქმარი კი ტყვედ აიყვანეს და ორი წლის შემდეგ ძლივს შეძლეს ნავარაში გაქცევა.
ანრისა და მარგარიტას ქორწინება არასოდეს ყოფილა ნამდვილი. ისინი წლების მანძილზე სრულიად დაუფარავად ღალატობდნენ ერთმანეთს და ამაზე არცერთს არ ჰქონია პრეტენზია. 1585 წლიდან დაიწყო ომი საფრანგეთის ტახტისათვის, რომელშიც მარგარიტამ ნეიტრალური მდგომარეობა შეინარჩუნა, იგი ქმრისა და ძმისგან მოშორებით, ოვერნში გადასახლდა და რამდენიმე წელი იქ ცხოვრობდა. 1589 წელს მისი ძმა ანრი III მოკლეს და საფრანგეთის მეფე მარგარიტას ქმარი ანრი IV გახდა.
მათი ქორწინება კარგად მიდიოდა, მანამ სანამ ანრის საყვარელთან შვილი არ გაუჩნდა. იგი მიხვდა, რომ სურდა კანონიერი მემკვიდრე, რის გამოც 1599 წელს გასცილდა უნაყოფო მარგარიტას და ცოლად შეირთო მარია მედიჩი, რომელთანაც უამრავი შვილი შეეძინა. მარგარიტა დაესწრო მარია მედიჩის დედოფლად კურთხევას, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში ანრი IV მოკლეს და ტახტზე მისი ვაჟი ლუი XIII ავიდა.
მარგარიტა ძალიან განათლებული და დახვეწილი ქალი იყო. მან დიდი როლი ითამაშა საფრანგეთის სამეფო კარის კულტურული ცხოვრების დახვეწასა და განვითარებაში. მას უყვარდა ძველი ბერძნული ფილოსოფია და თავადაც იზიარებდა მას. საფრანგეთში პატიმრობისას მან დაწერა და გამოაქვეყნა თავისი მემუარები. იგი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალი იყო ევროპის ისტორიაში, რომელმაც დაამკვიდრა ჩაცმის ახალი სტილი.
იგი თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადამიანია. ქალი რომლის გამოც ვალუას დინასტია ბურბონებმა შეცვალეს. სწორედ ისაა ვალუას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მასზე უამრავი ლეგენდა და ნაწარმოებია შეთხზული. სწორედ მარგარიტას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდს მიუძღვნა ალექსანდრე დიუმამ თავისი უკვდავი ნაწარმოები დედოფალი მარგო (La Reine Margot).