მარი ანტუანეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარი ანტუანეტ ავსტრიელი (ფრანგ. Marie-Antoinette d'Autriche), დაბადების სახელია მარია ანტონია იოზეფა იოჰანა ფონ ჰაბსბურგ-ლოთარინგია (გერმ. Maria Antonia Josefa Johanna von Österreich-Lothringen; დ. 2 ნოემბერი, 1755, ვენა, ავსტრია — გ. 16 ოქტომბერი, 1793, პარიზი, საფრანგეთი) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის პირველი თაობის წარმომადგენელი. რევოლუციამდელი საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი 1774-1792 წლებში. ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით, როგორც ერცჰერცოგინია მარია ტერეზიასა და მისი ქმრის, საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანის უმცროსი ქალიშვილი. 14 წლის ასაკში, 1770 წლის მაისში, საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის შვილიშვილ ლუი ავგუსტზე ქორწინებით იგი საფრანგეთის დოფინი გახდა. 1774 წლის 10 მაისს მისი მეუღლე საფრანგეთის მეფე გახდა ლუი XVI-ის სახელით, რითაც მარი ანტუანეტი დედოფლად გვევლინება.
მარი ანტუანეტი | |
---|---|
Marie Antoinette | |
დედოფალი მარი ანტუანეტი 1783 წელს, შესრულებულია ელიზაბეტ ვიგე ლე ბრონის მიერ | |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 მაისი, 1774 |
მმართ. დასასრული: | 21 სექტემბერი, 1792 |
წინამორბედი: | მარია ლეშჩინსკა |
მემკვიდრე: |
ჟოზეფინ ბოარნე (როგორც იმპერატრიცა) მარია ჯუზეპინა სავოიელი (როგორც ტიტულარული დედოფალი) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 ნოემბერი, 1755 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 16 ოქტომბერი, 1793, (37 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ლუი XVI, საფრანგეთის მეფე (ქ. 1770 - გარდ. 1793) |
შვილები: |
მარი ტერეზი, საფრანგეთის დედოფალი ლუი ჟოზეფი, საფრანგეთის დოფინი ლუი XVII, საფრანგეთის მეფე |
სრული სახელი: | მარია ანტონია იოზეფა იოჰანა |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები |
მამა: | ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია ტერეზია ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
მარი ანტუანეტის პოზიცია საფრანგეთის სამეფო კარზე მხოლოდ მას შემდეგ განმტკიცდა, რაც ათწლიანი ქორწინების შემდეგ ბავშვების გაჩენა დაიწყო. ამასთან, ფრანგებში იგი არაპოპულარული იყო, რადგან მას განსაკუთრებულ მფლანგველობასა და ქვეყნის მტრების, მაშასადამე მისი მშობლიური ავსტრიის ერთგულებაში ადანაშაულებდნენ. საქმე განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა ხალხმა შეიტყო, რომ მარი ანტუანეტმა ბრილიანტის ძვირფასი ყელსაბამი შეიძინა, რაც მას არ გაუკეთებია, თუმცა ამ ფაქტმა სერიოზულად შელახა მისი, როგორც დედოფლის რეპუტაცია. რევოლუციონერები მას ქვეყნის გაკოტრებაში პირდაპირ ადანაშაულებდნენ, რის გამოც იგი ამ წრეში ცნობილი იყო, როგორც „მადამ დეფიციტი“. აღსანიშნავია, რომ ამის გამო მას ხარჯების შემცირებისაკენ არაერთხელ მოუწოდა ფინანსთა მინისტრმა ჟაკ ნეკერმა, თუმცა ამაოდ.
რევოლუციის დროს მარი ანტუანეტის სახელს ბევრია ამორალური ქმედება მიეწერა, რამაც კარგად იმუშავა მონარქიის დამხობის მომხრეთა რაოდენობის ზრდის საქმეში. 1789 წლის ოქტომბერში დამშეული პარიზელები ვერსალში შეიჭრნენ და სამეფო ოჯახი დაატყვევეს, რის შემდეგაც ისინი ტიუილრის სასახლეში გადაიყვანეს. 1791 წლის ივნისში მარი ანტუანეტმა და ლუი XVI-მ დიდ ბრიტანეთში გაქცევა სცადეს, თუმცა საზღვარზე იცნეს. ამან სავალალო შედეგები იქონია და ფრანგი ხალხის თვალში უკიდურესად დაამდაბლა მონარქები. 1792 წლის 10 აგვისტოს ტიუილრის სასახლეზე იერიში მიიტანეს, რა დროსაც სამეფო ოჯახი დაატყვევეს, ერთმანეთს დააშორეს და სხვადასხვა ციხეში გამოკეტეს. 1792 წლის 21 სექტემბერს საფრანგეთში მონარქია გაუქმდა. 1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI სიკვდილით დასაჯეს. მარი ანტუანეტის სასამართლო სხდომა 1793 წლის 14 ოქტომბერს შედგა, რა დროსაც იგი რევოლუციურმა ტრიბუნალმა სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა და სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ორ დღეში, 16 ოქტომბერს 37 წლის მარი ანტუანეტს რევოლუციის სასახლის წინ, გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი.
მიუხედავად ყველაფრისა, მარი ანტუანეტის ისტორიულმა ფიგურამ შემდგომ საუკუნეებში დიდი გამოხმაურება და ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნებაში, რის გამოც მის ცხოვრებაზე დაიწერა არაერთი სიმღერა, ოპერა, წიგნი და გადაიღეს მრავალი ფილმიც.