მექსიკის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
მექსიკის გეოგრაფია – მექსიკა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში და მოიცავს ცენტრალური ამერიკის უდიდეს ნაწილს. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება აშშ (შტატები:კალიფორნია, არიზონა, ნიუ-მექსიკო, ტეხასი) ამერიკის შეერთებულ შტატებთან საზღვრის სიგრძე 3141 კმ-ია. ქალაქ სიუდად-ხუარესიდან აღმოსავლეთით მექსიკის ყურემდე აშშ-მექსიკის სახელმწიფო საზღვარი მიუყვება მდინარე რიო-გრანდეს.
სამხრეთით და დასავლეთით მექსიკას ესაზღვრება წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით – მექსიკის ყურე და კარიბის ზღვა. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მექსიკას ესაზღვრება გვატემალა (871 კმ.) და ბელიზი (251 კმ.).
პრაქტიკულად მექსიკის მთელი ტერიტორია მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონიკურ ფილაზე, მხოლოდ კალიფორნიის ნახევარკუნძულის ნაწილი მდებარეობს წყნარი ოკეანის ფილაზე და ასევე მცირე ნაწილი კოკოსის ტექტონიკურ ფილაზე.
ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით ტეუანტეპეკის ყელი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის 12,1 % მოიცავს და სადაც მდებარეობს მექსიკის 5 შტატი, მიეკუთვნება ცენტრალურ ამერიკას. გეოლოგიური თვალსაზრისით იგი მიეკუთვნება ტრანს-მექსიკურ ვულკანურ სარტყელს და გამოყოფილია ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილისაგან. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი მექსიკა ჩრდილოეთ ამერიკული ქვეყანაა.
მექსიკის საერთო ფართობია 1 972 550 კმ², მათ შორის 6 ათ. კმ² კუნძლებია წყნარ ოკეანეში, კარიბის ზღვაში, კალიფორნიისა და მექსიკის ყურეებში. ფართობის მიხედვით მექსიკას მსოფლიოში მე-14 ადგილი უკავია.
მექსიკის სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 9330 კილომეტრს, საიდანაც 7338 კმ. წყნარ ოკეანეზე მოდის, ხოლო 2805 კმ. ატლანტის ოკეანეზე. მექსიკის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, რომელიც ვრცელდება 370 კმ-ზე ორივე სანაპიროდან, მოიცავს 2,7 მლნ კმ².