მობილური ტელეფონი
From Wikipedia, the free encyclopedia
მობილური ტელეფონი — ტელეფონი, რომელსაც ფართო გეოგრაფიულ არეალში მოძრაობის მიუხედავად, რადიოსიგნალის საშუალებით შეუძლია სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება. მოწყობილობა ამას ფიჭური კავშირის საშუალებით აკეთებს, რასაც მობილური ტელეფონის ოპერატორი უზრუნველყოფს. ამის საპირისპიროდ, არსებობს რადიოტელეფონი, რომელიც მხოლოდ მოკლე მანძილზე, საკუთარი საბაზო სადგურის ახლომახლო მოქმედებს.
გარდა სატელეფონო ფუნქციისა, თანამედროვე მობილურ ტელეფონებს სხვა მრავალი სერვისის მხარდაჭერაც აქვს, მათ შორისაა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მულტიმედიური შეტყობინებები (MMS), ელექტრონული ფოსტა, წვდომა ინტერნეტთან, ახლო მანძილის უკაბელო კომუნიკაციები (infrared, Bluetooth), ბიზნეს აპლიკაციები, თამაშები და ფოტოგრაფია. მობილურ ტელეფონებს, რომელთაც ეს და სხვა ზოგადი კომპიუტერული შესაძლებლობები აქვს, სმარტფონი ეწოდება.
პირველი ხელით სატარებელი ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლას თანამშრომლებმა, ჯონ ფრენსის მიტჩელმა[1][2] და დოქტორმა მარტინ კუპერმა წარმოადგინეს. მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც 2 კილოგრამს იწონიდა.[3] 1983 წელს, გამოვიდა პირველი კომერციული მობილური Motorola DynaTAC. 1983-დან 2014 წლამდე, მობილური ტელეფონების რაოდენობა ნულიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა; პროპორციულად 100%-ით მოიცვა მსოფლიო მოსახლეობა და ეკონომიკური პირამიდის ფსკერამდე დავიდა.[4] 2014 წლისათვის, მობილური ტელეფონების მოწინავე მწარმოებლები იყვნენ Samsung, Nokia, Apple და LG.[5]