ოკეანური კლიმატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოკეანური კლიმატი (ასევე ცნობილი, როგორც საზღვაო კლიმატი, ზომიერი ოკეანური კლიმატი, მთიანი კლიმატი და დასავლეთ
სანაპიროს კლიმატი) — კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის ტიპთაგან ერთ-ერთი, რომელსაც ახასიათებს გრილი, მაგრამ არა ცივი ზამთარი (0°C ≤) და თბილი ზაფხული (22°C>),[1] რომელიც კონტინენტურ კლიმატებთან შედარებით, გრილია. ტემპერატურის დიაპაზონი უმნიშვნელოდ მცირეა, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ოკეანური კლიმატი კონტინენტურ ან სუბარქტიკულ კლიმატში[2] არ გადაიზრდება. მოცემული კლიმატი გვხვდება დედამიწის შუა განედის ქვეყნების დასავლეთ რეგიონებში, ხოლო ყველაზე ფართოდაა გავრცელებული ევროპის დასავლეთ ნაწილში, ვინაიდან ამ კონტინენტზე ოკეანური კლიმატი არათუ მხოლოდ სანაპიროებზე გვხვდება, არამედ ევროპის შიგნითაცაა ღრმად შეჭრილი. დასავლეთ სანაპიროს კლიმატი, თავისი ეკვატორით მომიჯნავე კლიმატებისგან განსხვავებით, სუბტროპიკული ანტიციკლონისგან მოშორებით მდებარეობს და მისი ჰავის მქონე ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირია ფრონტალური ციკლონები მთელი წლის განმავლობაში. მის სეზონებს შორის დიდი განსხვავება არაა და აქედან გამომდინარე, ოკეანური კლიმატის მქონე რეგიონებს ორი ძირითადი სეზონი (ზამთარი და ზაფხული) გააჩნიათ.