ონტარიოს სამეფო მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ონტარიოს სამეფო მუზეუმი (ფრ. Musée royal de l'Ontario) ― ხელოვნების, მსოფლიო კულტურისა და ბუნების ისტორიის მუზეუმი ტორონტოში (ონტარიო, კანადა). ონტარიოს სამეფო მუზეუმი ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი და კანადის უდიდესი მუზეუმია. ყოველწლიურად მუზეუმს მილიონზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს და კანადის ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმია.[1] იგი ტორონტოს უნივერსიტეტის რაიონში, ქუინს-პარკის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ ბლურ-სტრიტის შესასვლელში მდებარეობს. მეტროპოლიტენის ერთ-ერთი სადგურს მუზეუმის სახელი ჰქვია და 2008 წელს ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ ინსტიტუტის კოლექციების შესაბამისადაა გაფორმებული.
ონტარიოს სამეფო მუზეუმი | |
---|---|
43°40′03″ ჩ. გ. 79°23′40″ დ. გ. | |
ქვეყანა | კანადა |
მდებარეობა | ონტარიო და ტორონტო |
ოფიციალური საიტი | https://www.rom.on.ca |
ონტარიოს სამეფო მზუეუმი 1912 წლის 16 აპრილს დაარსდა. ის 1914 წლის 19 მარტს გაიხსნა. დაარსების დღიდან მუზეუმს მჭიდრო კავშირები აქვს ტორონტოს უნივერსიტეტთან.[2] 1968 წლამდე მუზეუმი ტორონტოს უნივერსიტეტის პირდაპირი კონტროლის ქვეშ იყო, შემდეგ კი ონტარიოს მთავრობის დამოუკიდებელი სამეფო სააგენტოს სტატუსი მიენიჭა.[3][4] დღეისთვის, მუზეუმი კანადის უდიდესი საველე-კვლევითი ინსტიტუტია.[5]
მუზეუმში 6 მილიონზე მეტი ეგზემპლარი ინახება და 40 გალერეას მოიცავს. მუზეუმის საერთაშორისო რეპუტაციას მსოფლიო კულტურათა და ბუნების ისტორიის კოლექციები განაპირობებენ.[5] მუზეუმში ინახება დინოზავრების, მინერალებისა და მეტეორიტების კოლექციები, კანადისა და ევროპის ისტორიული არტეფაქტები და აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ აზიის ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ბერჯესის თიხოვანი ფიქალის ნამარხი ნაშთების უდიდესი კოლექცია, რომელიც 150 000-ზე მეტ ეგზემპლარს შეიცავს.[6]