პარიზის შეთანხმება
From Wikipedia, the free encyclopedia
პარიზის შეთანხმება (ფრანგ. Accord de Paris; ასევე ცნობილი, როგორც პარიზის ჩანაწერები ან პარიზის კლიმატის ჩანაწერები) ― საერთაშორისო ხელშეკრულება გლობალური დათბობის შესახებ. მოიცავს გლობალური დათბობის შერბილების, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისა და კლიმატის ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. შეთანხმების შემუშავების პროცესი 2015 წელს, პარიზში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დაიწყო, რომელშიც 196 მხარე მონაწილეობდა.
პარიზის შეთანხმება | |
---|---|
პარიზის შეთანხმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის ფარგლებში | |
მომზადდა | 30 ნოემბერი ― 12 დეკემბერი, 2015, ლე-ბურჟე, საფრანგეთი |
ხელი მოეწერა | 22 აპრილი, 2016 |
ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
ძალაში შევიდა | 4 ნოემბერი, 2016[1][2] |
ხელი მოაწერეს | 195[1] |
მხარეები | 193[1] |
მეანაბრე | გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი |
ენები | არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური |
პარიზის შეთანხმება ხელმოსაწერად 2016 წლის 22 აპრილს (დედამიწის დღე) გაიხსნა, ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე. ევროპის კავშირის მიერ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ, ქვეყნების საკმარისმა რაოდენობამ მიიღო შეთანხმება, რომელიც ძალაში 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა. 2021 წლის ნოემბრისთვის ხელშეკრულების წევრია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის 193 სახელმწიფო. კონვენციის მონაწილე 4 სახელმწიფო, რომლებსაც შეთანხმება არ აქვთ რატიფიცირებული, ირანი, ლიბია, იემენი და ერიტრეა არიან. 2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმებას ჩამოშორდა, მაგრამ მომდევნო წელს კვლავ დაუბრუნდა.
პარიზის შეთანხმების გრძელვადიანი პერიოდის მიზანი წინაინდუსტრიულ დონეზე გლობალური ტემპერატურის ზრდის საშუალო მაჩვენებელის 2°C-მდე (3.6°F) შენარჩუნება, ხოლო ზრდის სასურველი ზღვრული მაჩვენებელი 1.5°C-ია (2.7°F), რაც სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილების ეფექტებს არსებითად შეამცირებს. მავნე ნივთიერებების გამოყოფა რაც შეიძლება მალე უნდა შემცირდეს და ნულოვან მაჩვენებელს XXI საუკუნის შუა პერიოდამდე უნდა მიაღწიოს.[3] გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შესანარჩუნებლად, 2030 წლამდე მავნე ნივთიერებების გამოყოფა 50%-ით უნდა შემცირდეს.[4]
შეთანხმების მიზანია მონაწილე მხარეების მიერ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ეფექტებთან ადაპტირების ხელშეწყობა და საკმარისი ფინანსური რესურსების მობილიზება. შეთანხმების ფარგლებში ყოველმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, დაგეგმოს და რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი წვლილის შესახებ. არ არის შემუშავებული მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფოებს მავნე ნივთიერებების გამოყოფის სპეციფიკური მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრას დაავალდებულებს, მაგრამ ყოველი მიზნობრივი მაჩვენებელი წინა მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა აღემატებოდეს. 1997 წლის კიოტოს ოქმის საპირისპიროდ, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის სხვაობა ბუნდოვანია, ამიტომ განვითარებადმა სახელმწიფოებმაც უნდა შეიმუშაონ გეგმები მავნე ნივთიერებების გამოყოფის შესამცირებლად.