რუსეთის ტბები
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთის ტერიტორიაზე — 2,7 მილიონზე მეტი მტკნარი და მლაშე ტბაა, რომელთა საერთო ფართობია 400 ათ. კმ²-ზე მეტი (კასპიის ზღვა-ტბის გამოკლებით).[1] ტბიური წყლების საერთო მარაგი აღწევს 26 ათ. კმ³-ს. ტბების დიდ ნაწილს აქვს მყინვარული წარმოშობა.
რუსეთის ტერიტორიის საერთო ტბიანობა აჭარბებს 2 %-ს და მერყეობს 12,6 %-იდან პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულამდე. ყველაზე ტბიური რაიონია რუსეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, კერძოდ, კარელია, სადაც 61 ათ.-ზე მეტი ტბაა.[2]
რუსეთის ევროპული ნაწილის უდიდესი ტბებია (რომლებიც განლაგებულია მის ჩრდილო-დასავლეთით) ლადოგი და ონეგი (ფართობით 17,680 და 9720 კმ² შესაბამისად); ჩუდ-ფსკოვის ტბა ესტონეთთან საზღვარზეა (3550 კმ²); ილმენი (დაახლოებით 1000 კმ², ფართობი იცვლება წყლის დონის შესაბამისად) და აგრეთვე ტოპოზერო, ვიგოზერო და სხვები „ტბიურ მხარეს“ შეადგენენ.
რუსეთის უდიდესი ტბაა (კასპიის გამოკლებით) ბაიკალი, რომელიც ამასთანავე უღრმესია დედამიწაზე; იგი შეიცავს რუსეთის ტბიური მტკნარი წყლის 85 %-ს და მსოფლიო მტკნარი წყლების მარაგის 22 %-ს. ტბის სიგრძეა 636 კმ, საშუალო სიგანე 48 კმ; საერთო ფართობი 31,7 ათ. კმ²; მაქსიმალური სიღრმე 1620 მ. ბაიკალი განლაგებულია რიფტულ ხეობაში და მისი ასაკია დაახლოებით 25 მლნ. წელი.[3] დიდი სიღრმეებით გამოირჩევა აგრთვე ტბა ტელეცკოე (325 მ) ალთაიში და ხანტაის ტბა (420 მ) კრასნოიარსკის მხარეში.
რუსეთის ტბების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება შედარებით პატარა ტბების ჯგუფს; არსებობს მარილიანი ტბებიც, რომელთაგან უდიდესია ციმბირის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჩანის ტბა (1990 კმ²).[4]