ჯიმ მორისონი
The Doors-ის წამყვანი ვოკალისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ დაგლას მორისონი (ინგლ. Jim Morrison; დ. 8 დეკემბერი, 1943 — გ. 3 ივლისი, 1971) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პოეტი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც როკ-ჯგუფ The Doors-ის წამყვანი ვოკალისტი.[19] კრიტიკოსებმა და მოყვარულებმა, ტექსტების, შეშლილი პიროვნების, შესრულების მანერის და დაკავშირებული დრამატული მოვლენების გამო მორისონი აღიარეს როკ-მუსიკაში ყველა დროის ერთ-ერთ აღსანიშნავ და გავლენიან ლიდერად.
ჯიმ მორისონი | |
---|---|
პრომო ფოტო, 1966 | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 8 დეკემბერი, 1943(1943-12-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბ. ადგილი | მელბურნი[11] [12] [13] [14] [15] [16] |
გარდ. თარიღი | 3 ივლისი, 1971(1971-07-03)[2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (27 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[17] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო[1] [17] [18] და ჯიმ მორისონის საფლავი |
ხელმოწერა | |
ჯიმ მორისონი ვიკისაწყობში |
მორისონმა The Doors სხვებთან ერთად დააარსა 1965 წლის ზაფხულში, კალიფორნიაში. ორი წლის განმავლობაში ჯგუფი ცდილობდა წარმატების მიღწევას, შემდეგ კი, პირველი ალბომიდან გამოცემული „Light My Fire“-ით, მოხვდა აშშ-ის სინგლების #1 პოზიციაზე. მორისონმა The Doors-თან ერთად სულ ექვსი ალბომი ჩაწერა - ექვსივე კრიტიკოსების მიერ აღიარებული და კომერციულად წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილმა სამეულმა მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ ორი ალბომი ჩაწერა, მუსიკოსის დაკარგვა მათზე აისახა და ჯგუფი 1973 წელს დაიშალა. 1993 წელს ჯიმი, The Doors-ის შემადგენლობაში, შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
გარდაცვალების შემდეგ, მორისონი იქცა პოპულარული კულტურის ერთ-ერთ მეამბოხე სიმბოლოდ.[20] ჯიმი ცნობილი იყო სცენაზე, ჯგუფის გამოსვლების დროს, ხშირი იმპროვიზებული ლექსების კითხვით. Rolling Stone-მა მას „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერლის“ სიაში #47 ადგილი მიაკუთვნა[21]. ჟურნალში Classic Rock 50 უდიდესი მომღერლის სიაში ჯიმს 22-ე ადგილი მიანიჭეს.[22] რეი მანზარეკი, ჯგუფის თანადამაარსებელი, თვლიდა, რომ „მორისონი იყო 1960-იანების ჰიპური კონტრკულტურული ამბოხების ასახვა“.[23] ჯიმი ცნობილი იყო სხვა ფსევდონიმებითაც - „ხვლიკების მეფე“, „Mr. Mojo Risin“ და „ორგაზმული როკის მეფე“.[24]
1960-იანებში ჯიმი დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე[25][26], რაც დროდადრო გავლენას ახდენდა მის სასცენო ქცევაზე.[27] იგი პარიზში, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინაიდან აუტოფსია არ ჩატარებულა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობი რჩება.[28] მუსიკოსი დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, აღმოსავლეთ პარიზში.[29]