ჰაერის დაბინძურება
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაერის დაბინძურება — დედამიწის ატმოსფეროს დაბინძურება, რომელიც ადამიანებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან კლიმატისთვის საზიანო ნივთიერებებითაა გამოწვეული. ჰაერის დამაბინძურებლების ბევრი ტიპი არსებობს, როგორებიცაა: აირები (მათ შორის: ამიაკი, ნახშირბადის მონოოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, მეთანი, ნახშირორჟანგი და სხვ.), აეროზოლები (როგორც ორგანული, ისე არაორგანული) და ბიოლოგიური მოლეკულები. ჰაერის დაბინძურებამ შეიძლია გამოიწვიოს ადამიანთა დაავადებები, ალერგიები და სიკვდილიც. ასევე, შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ცოცხალ ორგანიზმებსა და სურსათს, ბუნებრივ გარემოს (მაგალითად, გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელი ან ჰაბიტატის განადგურება) ან ანთროპოგენურ გარემოს (მაგალითად, მჟავური წვიმა). ჰაერის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადამიანთა საქმიანობამ, ისე ბუნებრივმა პროცესებმა.
ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია დაბინძურებით გამოწვეული ბევრი დაავადებებისთვის, მათ შორის: სასუნთქი ინფექციების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა, ფილტვების ქრონიკული დაავადებების, ინსულტისა და ფილტვის კიბოსთვის.[1] კვლევები ცხადყოფს, რომ ჰაერის დაბინძურება შეიძლება დაკავშირებული იყოს IQ-ის შემცირებასთან, შემეცნების დაქვეითებასთან,[2] ფსიქიატრიული დარღვევების (როგორიცაა დეპრესია)[3] რისკის ზრდასთან და სხვ.[4] ჰაერის დაბალი ხარისხი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ განსაკუთრებით, სასუნთქ სისტემასა და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე. ჰაერის დამაბინძურებლებზე ინდივიდუალური რეაქციები დამოკიდებულია დამაბინძურებლებლებთან კონტაქტის ხასიათსა და ტიპზე, ინდივიდების ჯანმრთელობასა და გენეტიკაზე.[5] ჰაერის გარე დაბინძურება ყოველწლიურად 2.1[6][7]-4.2 მილიონამდე ადამიანს სიკვდილს იწვევს, რაც სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი პირველია.[1][8] საერთო ჯამში, ჰაერის დაბინძურება მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის სიკვდილს, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის 2.9 წლით შემცირებას[9] და მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკოლოგიური რისკია ჯანმრთელობისთვის.[1][10][11] 2008 წელს ბლექსმიტის ინსტიტუტის მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ადგილების მოხსენების თანახმად, ჰაერის შიდა დაბინძურება და ურბანული ჰაერის ცუდი ხარისხი მსოფლიო მასშტაბით ტოქსიკური დაბინძურების ყველაზე დიდი პრობლემებია.[12] ჰაერის დაბინძურების კრიზისის სამოქმედო სივრცე ძალიან დიდია: მსოფლიოს მოსახლეობის 90% სხვადასხვა ხარისხით დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.[13][14][15]
პროდუქტიულობის დანაკარგები და სიცოცხლის გაუარესებული ხარისხი, რომელიც ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული, მსოფლიო ეკონომიკისთვის ყოველწლიურად 5 ტრილიონ დოლარ დანაკარგს უტოლდება.[16][17][18][19][20] ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად სხვადასხვა საკონტროლო ტექნოლოგია და სტრატეგიაა შემუშავებული.[21][22] ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გავლენის შესამცირებლად როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე რეგულაციებია შემუშავებული. ადგილობრივი კანონები საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებას უწყობს ხელს. საერთაშორისო დონეზე შემუშავებული მაგალითებია მონრეალის ოქმი, ჰელსინკის ოქმი გოგირდის ემისიის შემცირების შესახებ (1985) და სხვ.