იოზეფ გებელსი
ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრი / From Wikipedia, the free encyclopedia
პაულ იოზეფ გებელსი (გერმ. Paul Joseph Goebbels; დ. 29 ოქტომბერი, 1897, რაიდტი, გერმანია — გ. 1 მაისი, 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი, გერმანული ლიტერატურის და ფილოსოფიის დოქტორი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი მესამე რაიხის პერიოდში. უამრავ სახელმწიფო და პარტიულ თანამდებობასთან ერთად 1933-1945 წ.წ. ეკავა სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრის პოსტი. ის იყო გერმანიის დიქტატორ ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი და ყველაზე ერთგული მიმდევარი. გებელსი ცნობილი იყო შთამბეჭდავი ორატორული ნიჭით და მწვავე ანტისემიტიზმით; მრავალი ისტორიკოსი მას მიაწერს კრისტალნახტის ორგანიზაციას.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „იოზეფ გებელსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. იოზეფ გებელსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
იოზეფ გებელსი Joseph Goebbels | |
გერმანიის კანცლერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აპრილი, 1945 – 1 მაისი, 1945 | |
პრეზიდენტი | კარლ დენიცი |
წინამორბედი | ადოლფ ჰიტლერი |
მემკვიდრე | ლუდვიგ კროზიგკი |
სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 იანვარი, 1933 – 30 აპრილი, 1945 | |
კანცლერი | ადოლფ ჰიტლერი |
დაბადებული | 29 ოქტომბერი 1897 რაიდტი, გერმანია |
გარდაცვლილი | 1 მაისი, 1945 (47 წლის) ბერლინი |
პოლიტიკური პარტია | ნსდაპ |
მეუღლე | მაგდა გებელსი |
რელიგია | კათოლიკე |
გებელსმა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში 1921 წელს, სადაც სადოქტორო დისერტაცია XVIII საუკუნის გერმანული რომანტიზმის თემაზე დაიცვა. მომდევნო წლებში ის ჯერ ჟურნალისტად მუშაობდა, შემდეგ კი ბანკის კლერკად და სააქციო ბირჟის გარიგებების დარბაზში კოტირებების აგენტად. ამ პერიოდში მან რამდენიმე რომანი და პიესა დაწერა, თუმცა გამომცემლები მათ დაბეჭდვაზე უარს ამბობდნენ. გებელსი ნაცისტურ პარტიას 1923 წელს გაეცნო ფრანგების მიერ რურის ოკუპაციის პერიოდში, 1924 წელს კი მისი წევრი გახდა. ამავე წელს ის პარტიის ბერლინის რეგიონალურ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის საკუთარ პროპაგანდისტულ ნიჭს სრულად ამჟღავნებს, რისი წყალობითაც წარმატებით ებრძვის ადვილობრივ სოციალისტურ და კომუნისტურ პარტიებს მის მიერ მომზადებული ნაცისტური პროკლამაციებით. 1928 წლისთვის ის უკვე ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი გახდა.
1933 წელს ნაცისტების გერმანიის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ის პროპაგანდის მინისტრად დაინიშნა. მისი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება ამ პოსტზე ნაცისტების მიერ უარყოფილი წიგნების სახალხო დაწვა იყო. ის მალე გერმანიის ყველა საინფორმაციო წყაროზე სრულ კონტროლს აწესებს. მისი დანიშვნიდანვე თავდასხმები გერმანელ ებრაელებზე სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებდა. ებრაელებზე დევნამ კულმინაციას 1938 წელს კრისტალნახტში მიაღწია, რომელიც ნაცისტების მიერ განხორციელებული პირველი ღია „პოგრომი“ გახდა.
ომის ადრეულმა და თავდადებულმა მომხრემ, გებელსმა ყველაფერი იღონა, რაც მის ძალაუფლებაში იყო, რათა გერმანელი ხალხი მორალურად მოემზადებინა ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ გავლენას სხვა ნაცისტ ლიდერებთან ალიანსის დამყარებით. 1943 წლის ბოლოსთვის, როდესაც ომის ბედი აქსისის ძალთა საწინააღმდეგოდ შემობრუნდა, გებელსმა კიდევ უფრო გაამწვავა პროპაგანდა, მოუწოდებდა რა გერმანელებს ტოტალური ომისა და მობილიზაციისკენ. გებელსი ბოლომდე დარჩა ჰიტლერთან ბერლინში და ფიურერის თვითმკვლელობის შემდეგ მეორე პირი იყო, რომელმაც მესამე რაიხის კანცლერის როლი შეასრულა, თუმცა მხოლოდ ერთი დღით. მისი სიცოცხლის ბოლო საათებში, ისტორიკოსთა მტკიცებით გებელსმა ნება მისცა მის ცოლს, მაგდას, მათი ექვსივე შვილი მოეწამლა, რის შემდეგაც გებელსი ცოლთან ერთად სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.