დვალეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
დვალეთი — საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, ამჟამად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს, დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის ტერიტორიას. ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) იხსენიებს დვალეთის ხევებს: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსო და მაღრანდვალეთი (თანამედროვე ისტორიკოსთა ნაწილი ამ ორი უკანასკნელის დვალეთად მოხსენიებას შეცდომად თვლის).[⇨] ქართული საისტორიო ტრადიციით ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. წ. IV – ძვ. წ. III საუკუნეები) დროიდან იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი.[1]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დვალეთი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დვალეთი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
დვალეთი | |
---|---|
ნარას ხეობა | |
ქვეყანა | რუსეთი |
რეგიონი | ჩრდილოეთი ოსეთი |
მოსახლეობის რაოდენობა | 3581 |
ეროვნება |
დვალები — ისტორიულად ოსები — დღეს |
რელიგია | ქრისტიანობა |
VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსოს ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა-გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო „გზა დვალეთისა“. საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან. მონღოლთა შემოსევების (XIII საუკუნე) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა (დვალები) კი, თავის მხრივ, მასობრივად ინაცვლებდა კავკასიონის სამხრეთით. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV საუკუნე) შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში მისი მოურავი იყო გიორგი სააკაძე. დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი.[1] აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად დვალეთიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით (1859) იგი თბილისის გუბერნიას ჩამოაჭრეს და თერგის ოლქს შეუერთეს.[⇨]
დვალეთის მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ჩვენამდე მოაღწია: მდინარეების არდონისა და ფიაგდონის სათავეებში აგებულმა სიმაგრეებმა — კასრის-კარმა და ხილკამ; ზროგოსა და მამისონის (ჟღელეს) ხეობებში ქრისტიანული ტაძრების ნანგრევებმა და სხვა.[1][⇨]