ჰონიარა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰონიარა (ინგლ. Honiara) — სოლომონის კუნძულების დედაქალაქი და მთავარი პორტი. მდებარეობს გუადალკანალის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე.ქალაქის მოსახლეობა 2017 წლის მონაცემებით შეადგენს 84 520 ადამიანს. ქალაქს ემსახურება ჰონიარის საერთაშორისო აეროპორტი და Point Cruz-ის ნავსადგური. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქალაქის ტერიტორია გამოყოფილია ცალკე დედაქალაქის ტერიტორიად პროვინციის სტატუსით. ამავე დროს ჰონიარა რჩება გუადალკანალის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრად.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჰონიარა ინგლ. Honiara | |||
| |||
ქვეყანა | სოლომონის კუნძულები | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 9°26′00″ ს. გ. 159°57′00″ ა. გ. | ||
ქალაქის მერი | ისრაელ მაეოლი | ||
დაარსდა | 1943 | ||
ფართობი | 22 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 29 მ | ||
მოსახლეობა | 84 520 კაცი (2017) | ||
სიმჭიდროვე | 3841,81 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+11 | ||
აეროპორტის ტერიტორია II მსოფლიო ომის დროს გუადალკანალის კამპანიის დროს აშშ-სა და იაპონიას შორის ბრძოლის ველად იქცა. 1942 წელს ჰენდერსონის ველის ბრძოლაში აშშ-მა გაიმარჯვა. 1952 წლის შემდეგ, როდესაც ჰონიარა ბრიტანეთის სოლომონის კუნძულების პროტექტორატის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა, ახალი ადმინისტრაციული ნაგებობების მშენებლობასთან ერთად ქალაქი უფრო განვითარდა და მოსახლეობის რაოდენობამაც მოიმატა. 1990-იანი წლების ბოლოდან ჰონიარაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები დაიწყო და პოლიტიკური არასტაბილურობა და აჯანყებები ამ პერიოდის თანმდევი ნიშანი გახდა. 2000 წლის ივნისში გადატრიალების მცდელობა შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა, რასაც კუნძულ მალაიტას ბინადართა (მალაიტის არწივის ძალები) და გუადალკანალის მცხოვრებთა შორის (ისატაბუს განმათავისუფლებელი მოძრაობა) ბრძოლა მოჰყვა.
მართალია, 2000 წლის ოქტომბერში სამშვიდობო შთანხმება იქნა დადებული, მაგრამ კონფლიქტი ამით არ დასრულებულა და 2002 წლის მარტში ქალაქის ქუჩებში ორი ახალ ზელანდიელი დიპლომატი და რამდენიმე ადამიანი მოკლეს. 2003 წლის ივლისში ჰონიარაში სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ სოლომონის კუნძულების რეგიონული მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ავსტრალიის ხელმძღვანელობით წყნარი ოკეანის ერები სოლომონის კუნძულების მთავრობამ წესრიგის აღსადგენად მიიწვია. 2006 წელს პრემიერ მინისტრად სნაიდერ რინის არჩევას ამბოხებები მოჰყვა, რამაც ქალაქის ნაწილი Chinatown გაანადგურა და 1 000-ზე მეტი ჩინელი მოსახლე უსახლკაროდ დარჩა. აჯანყებებმა ჰონიარასა და ქალაქის ტურიზმს, ისევე როგორც კუნძულებს, დიდი დარტყმა მიაყენა.
ჰონიარაში მდებარეობს სოლომონის კუნძულების მთავრობის მთავარი ინსტიტუტები. დედაქალაქში მდებარეობს: სოლომონის კუნძულების ეროვნული პარლამენტი, სოლომონის კუნძულების უმაღლესი განათლების ჰონიარის კოლეჯი, ჰონიარის საერთაშორისო სკოლა, სოლომონის კუნძულების სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი, ეროვნული მუზეუმი და ჰონიარის ბაზარი. პოლიტიკურად ჰონიარა სამ საპარლამენტო საარჩევნო ოლქადაა დაყოფილი და დედაქალაქიდან ეროვნულ პარლამენტში 50 წევრიდან 3 წევრი აირჩევა. ეს საარჩევნო ოლქები: აღმოსავლეთ ჰონიარა, ცენტრალური ჰონიარა და დასავლეთ ჰონიარა, სამ სხვა ოლქთან ერთად სოლომონის კუნძულების იმ ექვს ოლქს შეადგენს, რომლებშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ს აღემატება.
ჰონიარის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია. დედაქალაქში მდებარეობს მელანეზიის პროვინციის ეკლესია (ანგლიკანური), ჰონიარის რომის კათოლიკური არქიეპარქია, სამხრეთის ზღვების ევანგელისტური ეკლესია, გაერთიანებული ეკლესია, მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია და სხვა ქრისტიანული ეკლესია-მონასტრები.