Coldplay
From Wikipedia, the free encyclopedia
Coldplay — ბრიტანული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1996 წელს, წამყვან ვოკალისტ კრის მარტინის და წამყვან გიტარისტ ჯონი ბაკლენდის მიერ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლისას.[3]. მას შემდეგ, რაც სახელით Pectoralz გამოსვლა დაიწყეს, მათ შეურთდა გაი ბერიმენი, რომელიც ბას-გიტარაზე უკრავდა. ჯგუფმა სახელი შეიცვალა და Starfish გახდა.[4] უილ ჩემპიონი მას დაემატა დრამერის, ბეკ-ვოკალისტისა და მულტი-ინსტრუმენტალისტის სახით, რითაც საბოლოო შემადგენლობა ჩამოყალიბდა. ხშირად მეხუთე წევრად ასახელებენ მენეჯერ ფილ ჰარვისაც.[5] 1998 წელს ჯგუფმა ოფიციალურად Coldplay დაირქვა,[6] სანამ ჩაწერდა და გამოსცემდა სამ EP-ს: Safety (1998), Brothers & Sisters (1999) და The Blue Room (1999). უკანასკნელი იყო ჯგუფის პირველი ჩანაწერი წამყვან ლეიბლზე, მას შემდეგ, რაც Coldplay-მ Parlophone-თან კონტრაქტი გააფორმა.[7]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „Coldplay“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. Coldplay ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
Coldplay | |
---|---|
Coldplay 2021 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: ჯონი ბაკლენდი, კრის მარტინი, გაი ბერიმენი და უილ ჩემპიონი | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
|
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, პოსტ-ბრიტპოპი[1][2] |
აქტიური | 1996—დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
საიტი | coldplay.com |
Coldplay ვიკისაწყობში |
მსოფლიო წარმატება ჯგუფმა მოიპოვა 2000 წლის სინგლით „Yellow“, რასაც მოჰყვა იმავე წლის სადებიუტო ალბომი Parachutes, ნომინირებული მერკურის ჯილდოზე. ჯგუფის მეორე ალბომმა A Rush of Blood to the Head (2002) კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა და რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის NME-ს წლის ალბომის ჯილდო. შემდეგი ალბომი, 2005 წლის X&Y ძირითადად დადებითად იქნა შეფასებული, თუმცა კრიტიკოსთა ნაწილი თვლიდა, რომ იგი წინასთან შედარებით უფრო სუსტი იყო. მეოთხე ალბომს Viva la Vida or Death and All His Friends (2008), ჩაწერილს ბრაიან ინოს პროდიუსერობით, ძირითადად დადებითი შეფასებები ახლდა, ისევე, როგორც გრემის ჯილდოზე რამდენიმე ნომინაცია და გამარჯვებაც.[8] 2011 წლის 24 ოქტომბერს გამოვიდა მეხუთე სტუდიური ალბომი Mylo Xyloto, რომლის შეფასებები არაერთგვაროვანიდან დადებითამდე მერყეობდა. ალბომი მოექცა 34 ქვეყნის ჩარტების სათავეში და 2011 წელს ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვად როკ-ალბომად იქცა.[9] 2014 წლის 16 მაისს გამოვიდა მეექვსე ალბომი, Ghost Stories, რომელიც მოხვდა iTunes-ის მაღაზიის გაყიდვების სათავეებში, 100-ზე მეტ ქვეყანაში.[10]
ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის Brit-ის რვა ნომინაცია საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის ნომინაციაში (სამჯერ გამარჯვებით) და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთი ჯილდო. სულ Coldplay ფლობს გრემის შვიდ ჯილდოს 25 ნომინაციაში. ჯგუფმა მსოფლიოში გაყიდა 80 მილიონი ჩანაწერი.[11] 2009 წლის დეკემბერში Rolling Stone-ის მკითხველების გამოკითხვის საფუძველზე Coldplay მოექცა 2000-იანი წლების საუკეთესო შემსრულებელთა სიის მეოთხე ადგილზე.[12]
ჯგუფი არის სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ღონისძიებისა და ორგანიზაციის აქტიური მხარდამჭერი - ასეთებია Oxfam-ის კამპანია Make Trade Fair და Amnesty International. Coldplay წარსულში გამოსულა მრავალ საქველმოქმედო კონცერტზე ან მიუღია მონაწილეობა ამა თუ საქველმოქმედო აქციაში, როგორიც არის Band Aid 20, Live 8, Sound Relief, Hope for Haiti Now: A Global Benefit for Earthquake Relief, The Secret Policeman's Ball, Sport Relief და Teenage Cancer Trust.[13]