Depeche Mode
From Wikipedia, the free encyclopedia
Depeche Mode /dᵻˌpɛʃˈmoʊd/ — ინგლისური ელექტრონული ჯგუფი, ჩამოყალიბებული ბასილდონში (ესექსი), 1980 წელს. მასში შედიან დამაარსებლები, დეივ გეენი (წამყვანი ვოკალი, 2005 წლიდან სიმღერების თანაავტორი), მარტინ გორი (გიტარა, კლავიშებიანები, ვოკალი, სიმღერების ავტორი 1982 წლიდან) და ენდრიუ ფლეჩერი (კლავიშებიანები, ბას-გიტარა). სადებიუტო ალბომი Speak & Spell 1981 წელს გამოსცეს და ბრიტანეთის ახალი ტალღის სცენაზე გამოჩნდნენ. ორიგინალურმა წევრმა, ვინს კლარკმა (კლავიშებიანები, სიმღერების თანაავტორი, გიტარისტი) ჯგუფი დატოვა 1981 წელს და შემდეგი დისკი, A Broken Frame, უკვე მის გარეშე ჩაწერეს. სიმღერების მთავარი ავტორი გორი გახდა. 1982 წელს კოლექტივს ოფიციალურად შეუერთდა ალან უაილდერი (კლავიშებიანები, დასარტყმელი საკრავები, ბას-გიტარა, ზოგიერთი სიმღერის თანაავტორობა) და ამ შემადგენლობით Depeche Mode-მა შემდეგი 13 წელი იარსება. 1995 წელს, უაილდერის წასვლის შემდეგ, იგი ტრიოდ იქცა.
Depeche Mode | |
---|---|
ჯგუფის ორი დარჩენილი წევრი, დეივ გეენი და მარტინ გორი, პორტლენდი, ორეგონი, 2023 წლის ნოემბერი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბასილდონი, ესექსი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 1980 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
ყოფილი წევრები | |
საიტი | depechemode.com |
Depeche Mode ვიკისაწყობში |
1980-იანების უკანასკნელმა ალბომებმა, Black Celebration და Music for the Masses, ჯგუფი აქციეს წამყვანი ელექტრონული მუსიკის სცენის დომინირებად ძალად. ამ პერიოდის აღსანიშნავი მომენტი იყო მათი კონცერტი პასადენაში, რომელსაც 70 000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. ახალი ათწლეული დაიწყო Violator-ით, რომელმაც დიდი წარმატება იქონია. Songs of Faith and Devotion-ის და თანმხლები Devotional Tour-ის შემდეგ ჯგუფში დაძაბულობამ გამოიწვია 1995 წელს უაილდერის წასვლა, რის გამოც მედია და მსმენელები ვარაუდობდნენ, რომ Depeche Mode დაიშლებოდა. როგორც ტრიომ, კოლექტივმა გამოსცა ახალი ალბომი Ultra (1997), ჩაწერილი იმ პერიოდში, როდესაც გეენის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ, გორის ალკოჰოლიზმმა და ფლეჩერის დეპრესიამ მწვერვალს მიაღწიეს. შემდეგი ალბომით, Exciter-ით ნათელი გახდა, რომ ჯგუფი დაშლას არ აპირებდა. დისკს მოჰყვა წარმატებული Exciter Tour - მათი პირველი დიდი ტურნე რვაწლიანი შესვენების შემდეგ, თუმცა აღსანიშნავია 1998 წლის ტურნეც, რომელიც გამართეს The Singles 86–98-ის მხარდასაჭერად. ამ ალბომების შემდეგ აგრეთვე გამოვიდა Playing the Angel (2005), Sounds of the Universe (2009), Delta Machine (2013) და Spirit (2017), რასაც ასევე ახლდა კონცერტების სერიები.
ბრიტანეთის სინგლების ჩარტში სხვადასხვა დროს წარმატებული იყო ჯგუფის 50 სიმღერა, ხოლო ალბომების ჩარტში - 10 დისკი. მსოფლიოში გაყიდულია Depeche Mode-ის დისკების 100 მილიონზე მეტი ასლი.[1][2] Q-მ ისინი დაასახელა სიაში „50 ჯგუფი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო!“.[3] Depeche Mode VH1-ის „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში 98-ე ადგილს იკავებს.[4]