ავტორიტარიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ავტორიტარიზმი — მმართველობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას. მოსახლეობის უსიტყვო მორჩილებისაკენ სწრაფვის გამო ავტორიტარიზმს ხშირად „დესპოტიის“ მნიშვნელობით ხმარობენ. ავტორიტარიზმი, როგორც სისტემა, ძირითადად პოლიტიკურ სფეროს მოიცავს - იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები. ამასთანავე, ტოტალიტარიზმისაგან განსხვავებით, ავტორიტარიზმი მოსახლეობას თავისუფალი მოღვაწეობის გაცილებით უფრო ფართო არეალს უტოვებს. ეს განსაკუთრებით ითქმის ეკონომიკის სფეროზე, როდესაც მმართველობის ავტორიტარული წესი ეგუება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და არ ზღუდავს კერძო სამეწარმეო თუ კომერციულ საქმიანობას. ფრანკოს მმართველობა ესპანეთში (1939-1975) ან პინოჩეტის რეჟიმი ცივი ომის პერიოდში ჩილეში (1973 წლიდან)[1] სწორედ მმართველობის ამგვარი წესის ნიმუშია.
რეფერენდუმისა და არჩევნების პროცესი ექვემდებარება მთავრობის კონტროლს, აქედან გამომდინარე, ხშირად ფალსიფიცირებულია და ატარებს ფორმალურ ხასიათს. ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების რეალური მექანიზმი განსხვავებულია საკონსტიტუციო ნორმებისგან[2]
ავტორიტარულ სახელმწიფოში ძალაუფლება ცენტრშია თავმოყრილი, თუმცა, ტოტალიტარიზმისგან განსხვავებით, ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მიზანი მმართველი ჯგუფის და ლიდერის ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა სახელმწიფო იდეოლოგიის გაბატონება, შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს სფეროები, სადაც ადამიანებს მეტ-ნაკლებად თავისუფლად საქმიანობის საშუალება ეძლევათ მანამ, სანამ ავტორიტარული მმართველის ძალაუფლებას არ დაუპირისპირდებიან ან მის ინტერესებს არ გადაკვეთენ. ავტორიტარული რეჟიმიც უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც კონკურენტად აღიქვამს, თუმცა, ამისთვის ტოტალური რეპრესიების ნაცვლად არაფორმალურ მეთოდებს იყენებს. ავტორიტარულ სახელმწიფოში ფორმალურად ადამიანის უფლებები აღიარებულია.[3]