რიში სუნაკი
ბრიტანელი პოლიტიკოსი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი / From Wikipedia, the free encyclopedia
რიში სუნაკი (ინგლ. Rishi Sunak; დ. 12 მაისი, 1980)[1] — ბრიტანელი პოლიტიკოსი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2022 წლის 24 ოქტომბრიდან. 2020 წლიდან 2022 წლამდე იყო ხაზინის კანცლერი, ხოლო 2019 წლიდან 2020 წლამდე ეკავა ხაზინის მთავარი მდივნის თანამდებობა.[2] 2015 წლიდან არის პარლამენტის წევრი რიჩმონდის (იორქშირი) ოლქიდან.
რიში სუნაკი Rishi Sunak | |
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 25 ოქტომბერი 2022 |
მონარქი | ჩარლზ III |
წინამორბედი | ლიზ ტრასი |
წინამორბედი | ლიზ ტრასი |
დაბადებული | 12 მაისი, 1980 |
ეროვნება | ბრიტანელი |
პოლიტიკური პარტია | კონსერვატიული პარტია |
სუნაკი დაიბადა საუთჰემპტონში ინდური წარმომავლობის მშობლების ოჯახში, რომლებიც ბრიტანეთში აღმოსავლეთ აფრიკიდან, 1960-იან წლებში, საცხოვრებლად გადავიდნენ.[3][4][5] განათლება მიიღო ვინჩესტერის კოლეჯში, სადაც ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალურ კურსს (PPE) ესწრებოდა. მოგვიანებით სწავლა ოქსფორდის ლინკოლნის კოლეჯში გააგრძელა, ხოლო მაგისტრის ხარისხი კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტისგან მიიღო, რომელშიც ფულბრაიტის გრანტით სწავლობდა. სტენფორდში სწავლისას მან გაიცნო მომავალი მეუღლე აკშატა მურტი, ინდოელი მილიარდერი ბიზნესმენის, კომპანია Infosys-ის დამფუძნებლის, ნარაიანა მურტის ქალიშვილი. სუნაკი და მურტი ბრიტანეთის 222-ე უმდიდრესი ადამიანები არიან, რომელთა საერთო ქონება 2022 წლის მონაცემებით 730 მილიონი ფუნტია.[6] სწავლის დასრულების შემდეგ სუნაკი მუშაობდა Goldman Sachs-ში, შემდეგ კი პარტნიორად ჰეჯ-ფონდის ფირმებში Children's Investment Fund Management და Theleme Partners.
2015 წელს სუნაკმა გაიმარჯვა ჩრდილოეთ იორკშირში, რიჩმონდში, და თემთა პალატაში უილიამ ჰეიგი შეცვალა. სუნაკმა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას 2016 წლის რეფერენდუმზე. 2018 წლის ცვლილებების შედეგად ტერეზა მეის მეორე კაბინეტში მან დაიკავა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელმწიფო საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. სუნაკმა სამჯერ დაუჭირა მხარი ტერეზა მეის მიერ შემუშავებულ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ხელშეკრულებას. ტერეზა მეის გადადგომის შემდეგ სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციაზე მხარი ბორის ჯონსონს დაუჭირა. ჯონსონის არჩევის შემდეგ სუნაკი დაინიშნა ხაზინის მთავარ მდივნად. სუნაკმა შეცვალა საჯიდ ჯავიდი ხაზინის კანცლერის თანამდებობაზე.
სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2022 წლის 25 ოქტომბერს დაიკავა. იგი გახდა ბრიტანეთის პირველი აზიელი, ინდუისტი და ყველაზე მდიდარი ადამიანი ამ თანამდებობაზე.[7][8][9]