სასიცოცხლო ზონა
From Wikipedia, the free encyclopedia
სასიცოცხლო ზონა — ასტრონომიასა და ასტრობიოლოგიაში რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, რომელშიც პლანეტური მასის ობიექტებს საკმარისი ატმოსფერული წნევით შეუძლია წყალი თხევად მდგომარეობაში შეინარჩუნოს.[1][2] სასიცოცხლო ზონის საზღვრები გამოითვლება დედამიწის ბიოსფეროს მოთხოვნილებების მიხედვით — მისი პოზიციით მზის სისტემაში და მზისგან მიღებული გამოსხივებით. რადგანაც თხევადი წყალი მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის, რის გამოც დედამიწაზე არსებობს იგი, სასიცოცხლო ზონის ბუნება და მასში შემავალი ობიექტები მიჩნეულია, რომ ხელს უწყობს დედამიწის მსგავსი არამიწიერი სიცოცხლისა და ინტელექტის გავრცელების განსაზღვრაში.
მას შემდეგ, რაც 1953 წელს ცნება სასიცოცხლო ზონა შემოვიდა,[3] მრავალი პლანეტა იქნა აღმოჩენილი მასში. ასეთი პლანეტები დედამიწაზე ბევრად მასიურია (სუპერ-დედამიწები და გაზური გიგანტები) და მათი აღმოჩენა ძალიან მარტივია. 2013 წლის 4 ნოემბერს ასტრონომებმა კეპლერის კოსმოსური მისიის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ შესაძლოა 40 მილიარდი დედამიწის ზომის პლანეტა იყოს „ირმის ნახტომში“, რომელიც მზის მსგავსი და წითელი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს.[4][5] მათი შეფასებით, ამათგან 11 მილიარდი მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო უნდა ბრუნავდეს.[6] მეცნიერთა თქმით, უახლოესი ასეთი პლანეტა 12 სინათლის წლის დაშორებით უნდა იყოს.[4][5] სასიცოცხლო ზონა ასევე განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ბუნებრივი თანამგზავრების სიცოცხლიანობის შემსწავლელთათვის, რადგან სასიცოცხლო ზონაში არსებული პლანეტური მასის მთვარეების რაოდენობა შესაძლოა პლანეტების რაოდენობას აჭარბებს.[7]
მომდევნო ათწლეულებში სასიცოცხლო ზონის ცნება სიცოცხლის მთავარი კრიტერიუმი იყო. არამიწიერი თხევადი წყლის მტკიცებულების აღმოჩენის შემდეგ მიჩნეულია, რომ მისი შესამჩნევი რაოდენობა სასიცოცხლო ზონის გარეთ არსებობს. სხვა ენერგიის წყაროების დახმარებით, როგორიცაა მიქცევა-მოქცევით გათბობა,[8][9] რადიოაქტიური დაშლა[10] ან არაატმოსფერული ძალებით მინიჭებული წნევა, შესაძლოა თხევად წყალზე დამოკიდებული სიცოცხლის ძირითადი გარემო ვარსკვლავთშორის სივრცეშიც კი არსებობდეს — თაღლით პლანეტებზე ან მათ თანამგზავრებზე.[11] გარდა ამისა, მეცნიერებმა სხვა სასიცოცხლო ზონების ცნება შემოიტანეს, სადაც შესაძლოა ალტერნატიულ ბიოქიმიაზე დაფუძნებული ჰიპოთეტური სიცოცხლისთვის ხელსაყრელი არაწყლოვანი გამხსნელები არსებობდეს.[12] 2013 წელს სასიცოცხლო ზონაზე წარმოდგენა კიდევ უფრო გაფართოვდა იმ დაკვირვების შემდეგ, რომ სიცოცხლის ქიმია შესაძლოა დიდი აფეთქებიდან, რომელიც 13,8 მილიარდი წლის წინ მოხდა, მალევე დაიწყო, სასიცოცხლო ეპოქის განმავლობაში, როდესაც სამყარო სულ რაღაც 10-17 მილიონი წლის იყო.[13][14][15] პანსპერმიის ჰიპოთეზის თანახმად, მეტეოროიდებით, ასტეროიდებითა და მზის სისტემის სხვა მცირე სხეულებით გავრცელებული მიკროსკოპული სიცოცხლე შესაძლოა მთელ სამყაროში არსებობდეს.[16] თუმცა, დედამიწა ერთადერთი ადგილია ცნობილთა შორის სამყაროში, სადაც სიცოცხლე არსებობს.[17][18]