პოლიე
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლიე, კარსტული პოლიე (კირილ. поље) — კარსტული რელიეფის ზედაპირული ფორმები. წარმოადგენს ბრტყელფსკერიან და ციცაბოფერდობებიან დახშულ ქვაბულს,[1] რომლის ფართობი მერყეობს 5–400 კმ² ფარგლებში. გამომუშავებულია კარსტულ კირქვებში; ღერძული სიგრძე ვითარდება მთავარი სტრუქტურული მიმართულების პარალელურად.[2] სიგრძე ათეულობით კმ აღწევს. ზედაპირული დანალექები აკუმულირდება ფსკერის გასწვრივ. პოლიე ყალიბდება კარსტული რელიეფის განვითარების ბოლო სტადიაზე. წარმოიქმნება რამდენიმე კარსტული ძაბრის შეერთების შედეგად.[3] მის ფარგლებში განვითარებულია ძაბრები პონორებთან ერთად, რომელშიც წყლები გადის, აგრეთვე ვოკლუზები.[4]
დამახასიათებელია ჰიდროგრაფიული თავისებურებები, მათ შორის მუდმივი ან დროებითი ტბები და პონორებში ქრობადი მდინარეები და ნაკადულები. გაწყლოვანების მხრივ, გამოიყოფა მშრალი პოლიე — დროებითი ან მუდმივი ნაკადით და პერიოდული პოლიე — რომელიც იტბორება და ტბად გარდაიქმნება. კლასიკური პოლიეები გვხვდება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. კარგადაა გამოხატული ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სლოვენიაში, მონტენეგროში, ხორვატიასა და სერბეთში.[4]
დინარის კარსტულ რეგიონში განლაგებულია დაახლოებით 130 კარსტული პოლიე, რომლებიც ზოგადად განფენილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. დინარის კარსტის პირველი ამომწურავი კვლევა განახორციელა სერბმა გეოგრაფმა იოვან ციიჩმა 1900 წელს.[5]
მსოფლიოში უდიდეს კარსტულ პოლიეს წარმოადგენს ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული ლივანსკო-პოლიე, რომლის ფართობია 405 კმ², სიგრძე 64 კმ, სიგანე 6 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 720 მ.[6]
პოლიე საქართველოს კირქვული კარსტის დამახასიათებელი ფორმაა.[7] აღსანიშნავია შაორის ქვაბული, წებელდის პოლიე, ქვიბიას პოლიე, თურჩუს პოლიე და სხვა. შაორის ქვაბულს ზოგიერთი ავტორი ტექტონიკურ-კარსტული გენეზისის პოლიედ მიიჩნევს, ზოგიერთი ტექტონიკურ წარმონაქმნად, ხოლო ავტორთა ერთი ნაწილი მას ზემოაღნიშნულ მეორე ტიპის პოლიედ თვლის.[8]
პოლიეს ფსკერი გამოიყენება როგორც მინდორი და საძოვარი. სახელწოდება „პოლიე“ წარმოსდგა სლავური ენებიდან და სიტყვასიტყვით „ველს“, „მინდორს“ ნიშნავს.[3]
პოლიეს სინონიმებია კარსტული პოლიე და კარსტული მინდორი.[9]